Spark

ბლოგები და ვლოგები

რა გავლენას ახდენს ბლოგები და ვლოგები ბიზნესზე?

პირველ რიგში დავიწყოთ კითხვით – რა არის ბლოგი?

ბლოგი, ეს არის ონლაინ სტატია, ციფრული ჟურნალი, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი აკეთებს რეგულარულ ჩანაწერებს გარკვეულ თემებზე. ბლოგების დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ხშირად ჩანს ავტორის პოზიცია და დამოკიდებულება, რაც ერთგვარ მეგობრულ გარემოს ქმნის. სწორედ ამიტომ, პერსონალური ბლოგები ონლაინ დღიურებსაც  მოგაგონებთ. რაც შეეხება ვლოგებს, ისინი იგივე ბლოგებია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ისინი ვიდეო ვერსიებია, რაც ბოლო დროს ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით კი Youtube პლატფორმაზე.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში რთულია, მისი განვითარების თანმდევი ტენდენციებისგან თავის არიდება, ამიტომაც ბლოგები და ვლოგები უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. დღესდღეობით უკვე მრავალი შინაარსის ბლოგი/ვლოგი არსებობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ცნობილი ადამინების, მისაბაძი პიროვნებების, ასევე მომხმარებელთან დაკავშირებული კონტენტის მქონე ბლოგები, რაც უფრო ახლოსაა თემა მაყურებლის ან მკითხველის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, უფრო მეტად იზრდება ინტერესი და მოთხოვნა.  

რაც შეეხება კითხვას, თუ რა მნიშვნელობა აქვთ ბლოგებს და ვლოგებს ბიზნესისთვის, პასუხი არის ძალიან მარტივი – ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენს კომპანიების ცნობადობაზე და მომხმარებლების დამოკიდებულებაზე. როგორ ხდება ეს? პირველ რიგში, ბლოგები ზემოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე. მაგალითად, როდესაც ძალიან ცნობილი ვლოგერი, თავის ვიდეო რგოლში სვამს ან გემრიელად მიირთმევს რაიმე საკვებს, ან იყენებს რომელიმე ბრენდის მობილურს თუ ლეპტოპს, მომხმარებლის თვალში ის უფრო მეტ ფასეულობას იძენს, შესაბამისად, უმჯობესდება მომხმარებლის დამოკიდებულებაც. ასევე, არის მეორე უკიდურესობაც, როცა იგივე ვლოგერი უარყოფითად საუბრობს რომელიმე კომპანიის პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. იმის გამო, რომ ის ძალიან ცნობილია, ბევრი გამომწერი ჰყავს, ჩნდება გარკვეული უნდობლობის ფაქტორი მაყურებლის მხრიდან პროდუქტის მიმართ და დიდი შანსია, რომ ასეთმა კომპანიებმა პოტენციური მომხმარებლები დაკარგონ.

მეორე მნიშვნელოვანი სარგებელია ის, რომ კომპანია იძენს ახალ მომხმარებელს და ზრდის ცნობადობას. იმის გამო, რომ ბლოგებს ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომპანიებმა მასში ძალიან კარგი შესაძლებლობები დაინახეს, დაიწყეს ბლოგერებთან თანამშრომლობა და ისინი გახდნენ კომპანიების ერთგვარი ინფლუენსერები. კომპანიები აფინანსებენ მათ, იმ პირობით, რომ ისინი თავიანთ ბლოგში ან ვლოგში ახსენებენ მათ პროდუქტს ან/და მომსახურებას.  ის ადამიანები, რომლებიც უყურებენ ან  კითხულობენ ბლოგებს, მაგრამ არ იცნობენ სპონსორ კომპანიებს ექცევიან გარკვეული გავლენის ქვეშ. შესაძლოა თავიდან ვერ გააანალიზოს, რომ ბლოგი მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მაგრამ ინფორმაცია ქვეცნობიერში დაილექება და როცა არჩევანის წინაშე დადგება, ის სწორედ იმ კომპანიის პროდუქტს აირჩევს, რომელსაც ერთხელ სადღაც ყური, ან თვალი მოჰკრა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პერსონალური ბლოგების გამოყენებას კომპანიის ცნობადობის გასაზრდელად აქვს უარყოფითი მხარეც, რადგან დღეს უკვე ყველამ იცის,  წარმატებულ ბლოგერებს ჰყავთ დამფინანსებელი კომპანიები. ამიტომაც მათი პროდუქტის პირდაპირ გარეკლამება, ხშირად იწვევს მომხმარებლის უარყოფით დამოკიდებულებას. ზოგჯერ კი იმდენად ხშირად ახსენებენ სპონსორ კომპანიებს, რომ ძალიან მოსაბეზრებელი ხდება, რის გამოც  კომპანიაც და ბლოგერებიც კარგავენ მომხმარებლებს. ამიტომაც ბლოგებში საჭირო პროდუქტის გარეკლამებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ბლოგები ავითარებს კომპანიის ურთიერთობებს მომხმარებელთან. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც  კომპანიები  თვითონვე ქმნიან საიტზე ბლოგებს და ვლოგებს სადაც თავიანთ პროდუქტს ან მომსახურებას განიხილავენ, იზიარებენ მომხმარებლის შეფასებას და ითვალისწინებენ რჩევებს, რითაც ზრდიან მომხმარებლის ჩართულობას. მაგალითად, ბევრმა საკვების მწარმოებელმა კომპანიამ შექმნა Youtube არხი, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ვარიანტი, როგორ შეგიძლიათ მათი პროდუქტის გამოყენება, რაც ზრდის პროდუქტის ცნობადობას და ეხმარებათ მომხმარებლის მოზიდვაში. ხშირად ასეთ ვიდეოებში იწვევენ ცნობილ და ხალხისთვის საყვარელ პიროვნებებს, რათა მათი გავლენით უფრო მეტი მომხმარებლები შეიძინონ.

ასე რომ, თუ 20 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა ბლოგები და ვლოგები, დღეს ისინი უკვე ითვლება მარკეტინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტად და შეიძლება ითქვას განუყოფელ ნაწილადაც კი. ამ სფეროში ჩამოყალიბდა კიდეც ერთგვარი ფრაზა „მომხმარებლის მიერ წარმოებული მარკეტინგი“, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში მომხმარებლები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ კომპანიებისა თუ ბრენდების განვითარებაში, როდესაც ისინი თავიანთ დამოკიდებულებას ბრენდების შესახებ ბლოგებით, ვიდეორგოლებითა და ვებ-გვერდებით აზიარებენ და ამით გავლენას ახდენენ სხვა მომხმარებელზე.

კონტრიბუტორი: თათია ჭიკაძე