Categories
ბლოგი

თვითმოტივაციის 5 ხრიკი მეწარმეებისთვის

მოტივაცია პროცესია, რომელიც მიზნისკენ სწრაფვის დროს პიროვნების ინტენსიურობას, მიმართულებასა და შეუპოვრობას განაპირობებს. როგორც ვხედავთ, განსაზღვრება სამ მთავარ პრინციპს ეყრდნობა – ინტენსიურობა არის ის, თუ რამდენად ძლიერია ადამიანის მცდელობა, მიაღწიოს მიზანს; თუმცა მხოლოდ მაღალი ინტენსიურობა სასურველ შედეგებს, სავარაუდოდ, ვერ გამოიღებს, თუ მცდელობას კონკრეტული მიმართულებით არ მივმართავთ; შეუპოვრობა კი საზომია, რომელიც ადგენს, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ძალისხმევის შენარჩუნება.

მოტივაციის მრავალი თეორია არსებობს, მათ შორის, “სამეწარმეო მოტივაციაც”, რომლის თანახმადაც, ბიზნესს მყარ საფუძველს მეწარმის ვნება, ენთუზიაზმი და შეუპოვრობა უქმნის. ის, რომ დღეს ყველა სამეწარმეო საქმიანობა წარმატებას ვერ აღწევს, ხშირად მოტივაციის ნაკლებობით, შესაბამისად, მცდელობის დაბალი ინტენსიურობითა და ძალისხმევის შემცირებითაა გამოწვეული. მეწარმეობა შემოქმედებაა, რაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმით ინოვატორული ჩანაფიქრის განხორციელებას გულისხმობს. წარმატებული რეზულტატისთვის მხოლოდ განზრახვა არ არის საკმარისი, აუცილებელია იდეის მოქმედებაში მოყვანა, მისთვის მიმართულების მიცემა და მიზანმიმართული ქცევის ჩამოყალიბება. მოტივაცია კი მეწარმის განზრახვასა და ქცევას შორის არსებული ინტერვალის შემავსებელია.

ზოგადად, მოტივაციას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მოტივი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი. გარეგანი ფაქტორები მრავალგვარია: გავლენა, რომელიც მეწარმეზე მის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საზოგადოებას აქვს; რესურსების ხელმისაწვდომობა; ტექნოლოგიური განვითარება; ინოვაციისადმი მოთხოვნის დონე; ბიზნეს გარემო და სხვა. შინაგანი მოტივები გაცილებით კომპლექსურია და ის ინდივიდის საჭიროებებიდან, აღქმიდან გამომდინარეობს. ეს შეიძლება იყოს პიროვნების თვით-რეალიზაციის, პიროვნული განვითარების სურვილი; მეწარმისთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებები; მისი წარსული გამოცდილებები ან განათლების დონე და ა.შ. ცხადია, ადამიანის მიზნებს განსხვავებული მოტივები აყალიბებს. ასეა მეწარმეების შემთხვევაშიც – ინდივიდუალურია, თუ რა შეიძლება იქცეს მამოტივირებელ ძალად თითოეული მათგანისთვის.

რამდენადაც მოტივაციის შენარჩუნება ასეთი მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, გიზიარებთ 5 ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი საქმე ენთუზიაზმით აკეთოთ:

  1. იპოვეთ პირადი მნიშვნელობა ბიზნესის მშენებლობისას – ბიზნესის კეთებისას, უპირველესად, აუცილებელია პასუხის პოვნა კითხვაზე “რატომ?”, ანუ თქვენი აპრიორი მოტივის ამოცნობა. როდესაც მარკს ჰკითხეს, თუ რატომ შექმნა Facebook, მან განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი: შეექმნათ ღია ინფორმაციის ნაკადი ხალხისთვის. გაი კავასაკი წიგნში “The art of the Start” მეწარმეებს მოუწოდებს, რომ თავიანთ იდეებს აზრი, ღირებულება უპოვონ და გარდა მოგების მიღებისა, იფიქრონ საქმის მნიშვნელობით კეთებაზე.
  2. მიიღეთ სიამოვნება პროცესით და არამხოლოდ შედეგით – ზოგიერთი მეწარმე იმდენადაა ფოკუსირებული მხოლოდ გამარჯვებით, წარმატებული შედეგით განპირობებულ ემოციებზე, ხშირად ავიწყდებათ მთლიანი გამოცდილების, რეზულტატამდე მისასვლელი გზის, პროცესის მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად აუცილებელია, ყოველ წამს გიყვარდეს, რასაც აკეთებ. სტივ ჯობსმა თავის გამოსვლაში “როგორ იცხოვრო, სანამ მოკვდები” განაცხადა, რომ ერთადერთი გზა დიდი საქმის შესასრულებლად, არის გიყვარდეს ის, თუ რასაც აკეთებ.
  3. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა – მეწარმეობა საქმიანობაა, რომელიც მოითხოვს დაუოკებელ წყურვილს მუდმივი განვითარებისა. განსაკუთრებით დღევანდელ ცვალებად, სწრაფად პროგრესირებად თანამედროვეობაში მუდმივ მზაობაში უნდა იყო, ყოველივე ახალს გაეცნო და დაეწაფო, უფრო მეტად კი, თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც წარმატებული მეწარმეობისათვის საჭირო, ღირებულ თვისებებს სძენს ბიზნეს სუბიექტებს.
  4. დაისახეთ პერსონალური მიზნები – ხშირ შემთხვევაში, მეწარმეთა უმეტესობა ყურადღებას უფრო მეტად ამახვილებს ბიზნეს მიზნებზე, ვიდრე პერსონალურზე. რეალურად მნიშვნელოვანია, ორივეს თანაბარი დრო და ძალისხმევა დავუთმოთ. როცა პერსონალური და ბიზნეს მიზნები თანაკვეთაში მოექცევა, მოტივაცია მეტად იზრდება, მეტიც, ეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ შეუპოვრობა და მიზნისკენ სწრაფვა გავხადოთ გაცილებით გამომწვევი და საინტერესო.
  5. მეტი დრო გაატარეთ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მოტივაციის შენარჩუნებაში გეხმარებათ – ადამიანები ერთმანეთის გავლენის ქვეშ ვექცევით. უმეტესად, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხასიათი ექნება ამ გავლენას. ამიტომ გამონახეთ მეტი დრო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომელთაც დადებითი ზეგავლენა აქვთ თქვენზე, გეხმარებიან მოტივაციის ამაღლებაში და რომელთაგანაც ყოველთვის შეძლებთ რაიმე ახლის სწავლას. ასევე, არ დაგავიწყდეთ, ხშირად გაეცნოთ რეალურ ისტორიებს სხვადასხვა მეწარმის გამოცდილების, მათი სირთულეებთან გამკლავების სტრატეგიებისა თუ სამოტივაციო ტექნიკების შესახებ.

მეწარმის და ზოგადად, თანამედროვე ადამიანის წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციები უამრავი დაბრკოლების გადალახვით გამომუშავდება, მოტივაციის გარეშე კი რთულია, წარმატებამდე მისასვლელი გამოწვევებით აღსავსე გზა გაიარო. ბიზნესის წამოწყებისას კარგად დაფიქრდით, თუ რატომ აკეთებთ ამას, ამოიცანით თქვენი აპრიორი მოტივი და ეცადეთ, ყოველთვის გახსოვდეთ ის.

კონტრიბუტორი – თამარ ფანჩულიძე

Categories
ბლოგი

რა არის Word of Mouth მარკეტინგი და როგორ უზრუნველყოფს ის ჩვენი ბიზნესის წარმატებას?

თანამედროვე სამყაროში, რეკლამები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასთან ერთად, რეკლამებმა ციფრულ სივრცეშიც გადაინაცვლა, რამაც უფრო გაამძაფრა ბიზნეს კომპანიებს შორის კონკურენცია. ამ კონკურენციის დაძლევა და ბაზარზე საკუთრი ადგილის მოპოვება სტარტაპებისა და დამწყები ბიზნესებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, რომლის გამოსავალსაც, წარსულის აღმოჩენა – Word of Mouth, იგივე სიტყვიერი მარკეტინგი, გვთავაზობს.

Word of Mouth მარკეტინგული სტრატეგიაა, რომელიც მომხმარებელზე, მათ ინტერესებსა და საუბრებზე კონცენტრირდება. მეთოდის წარმატება კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც მომხმარებლის ინტერესი კომპანიის პროდუქტის ან მომსახურების მიმართ აისახება მის ყოველდღიურ დიალოგებში. არსებითად, ეს არის რეკლამა, რომელსაც თავად მომხმარებელი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ქმნის.

მარკეტინგის ეს მეთოდი სტარტაპებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ხმის გასავრცელებლად, ვინაიდან იგი კონკრეტულად მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებაზე კონცენტრირდება და მუდმივად ზრუნავს მის შთაგონებაზე. თუკი, მომხმარებელი გრძნობს, რომ ნებისმიერ მოგებაზე წინ დგას, იგი აუცილებლად გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ამგვარი საუბრები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად და ბუნებრივად მიმდინარეობს, ხოლო ამ პროცეში ნებისმიერი ბიზნესის ამოცანაა, რომ ეს საუბრები მათ უკავშირდებოდეს.

მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი

WOM მარკეტინგის მთავარი თავისებურება, მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტია, პირადი გამოცდილება და იდეები, რომლებიც საბოლოოდ, თქვენი ბიზნესის სახეს ქმნის. ამ ყველაფრის კონტროლი რთულია, თუმცა სავსებით შესაძლებელია მომხმარებლის დამოკიდებულებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. ეს, პირველ რიგში, კარგი მომსახურებით მიიღწევა.

როდესაც ტრადიციულ რეკლამაში პროდუქტსა და მის ხარისხს ესმევა ხაზი, Word of Mouth მარკეტინგში, მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების სერვისსაც. იმისთვის, რომ მომხმარებელმა თქვენს პროდუქტზე ხშირად ისაუბროს, აუცილებელია უზრუნველყოთ არა კარგი, არამედ შესანიშნავი და დასამახსოვრებელი გამოცდილება. მომხმარებლები იშვიათად განიხილავენ ამა თუ იმ გამოცდილებას, როდესაც იმას იღებენ, რასაც ისედაც ელოდნენ, შესაბამისად, თქვენი მიზანია – გადააჭარბოთ მოლოდინებს.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბიზნესის, ბრენდის საშუალებით თითოეულ მომხმარებელთან განსაკუთრებული კონტაქტი დაამყაროთ, რა გზითაც იგი მათი იდენტობის ნაწილად იქცევა – მიუდექით მათ გულისხმიერებით, გადაუხადეთ მადლობა კარგი შეფასებისთვის, დროულად გაეცით პასუხი მათ შეკითხვებს და ინდივიდუალურად მიუდექით თითოეულ წამოჭრილ პრობლემას. მომხმარებლები ამას აუცილებლად შეამჩნევენ და თქვენთან დაკავშირებულ პოზიტიურ გამოცდილებას ახლობლებში გაავრცელებენ.

კომპანიასთან ერთიანობის აღქმა, ადამიანებს  ბრენდთან იდენტიფიცირებაში დაეხმარება, შედეგად კი, მიიღებთ კმაყოფილ კლიენტს და მის მიერ გავრცელებულ „უფასო“ რეკლამას.

როგორ შევქმნათ WOM მარკეტინგული სტრატეგია?

Word of Mouth მარკეტინგი ყველაზე სანდო და ეფექტიანი გზაა ერთგული კლიენტების მოსაზიდად, თანაც სრულიად უფასოდ ან მინიმალური დანახარჯით. იმისთვის, რომ ხალხმა რაიმე ბიზნესზე ხშირად ისაუბროს და იგი ყოველდღიურ საუბრებში ბუნებრივად ფიგურირებდეს, საჭიროა მარკეტინგული სტრატეგია.

Word of Mouth მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას – რატომ უნდა ისაუბრონ ჩემზე? აგრეთვე, საჭიროა კონკრეტულად განისაზღვროს რის შესახებ უნდა ისაუბრონ და კონკრეტულად ვინ უნდა ისაუბროს.

საუბარი WOM მარკეტინგის  მთავარი ინსტრუმენტია, შესაბამისად, უნდა დაადგინოთ ვინ უნდა ისაუბროს თქვენზე და როგორ  დაამყაროთ მათთან კონტაქტი.

მომხმარებელთან მყარი ურთიერთობის დასამყარებლად, საჭიროა თითოეულ მათგანს მივუდგეთ ინდივიდუალურად. თქვენი პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ხდება მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი, ხოლო როდესაც ნებისმიერი შენაძენი, მომხმარებლისთვის კონკრეტულ ემოციებთან ასოცირდება, შედეგი მიღწეულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Word of Mouth მარკეტინგი, პირველ რიგში, ურთიერთობაა და აქაც, როგორც ნებისმიერ ყოველდღიურ ურთიერთობაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულრწფელობასა და სამართლიანობას. შესაბამისად, ნებისმიერი გაყიდული პროდუქტი, ნებისმიერი დამყარებული კონტაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობა. Word of Mouth მარკეტინგი პირდაპირ კავშირშია კომპანიის მთავარ ღირებულებებთან და მნიშვნელოვანია, რომ ეს მომხმარებელმა კარგად დაინახოს. კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება კი, ნებისმიერ ბიზნესზე დადებითად მოქმედებს.

Categories
ბლოგი

ლიდერის როლი ბიზნესის განვითარებაში

გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბიზნესის წამოწყება ნებისმიერ ჩვენგანს ლიდერად აყალიბებს – კონკრეტული იდეისგან ვქმნით პროდუქტს, ვადგენთ ბიზნესის განვითარების გეგმას, ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს მხოლოდ მცირედია, რასაც ლიდერი აკეთებს. ბიზნეს სფეროში ლიდერის როლი მხოლოდ კომპანიის მართვით არ შემოიფარგლება, ლიდერობა კომპლექსური უნარია, რომელიც გამოცდილების შედეგად ყალიბდება.

ინიციატივის გამოჩენა, ჯგუფის მოტივირება და ზოგადად, ღირებული საქმის კეთება მრავალი მიმართულებით შეიძლება, შესაბამისად, კითხვაზე თუ რომელი ტიპის ლიდერი უნდა ვიყოთ, უნივერსალური პასუხი არ არსებობს. თუმცა, ვიცით როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი, რომლის საქმიანობაც ნებისმიერ კომპანიას წარმატებას მოუტანს.

ხშირი კონტაქტი კომპანიის თანამშრომლებთან

ბიზნესის წარმატებისთვის, საჭიროა დავივიწყოთ კომპანიის ლიდერსა და რიგით თანამშრომლებს შორის ტრადიცუილი უფროს-უმცროსული დამოკიდებულება. ბიზნესის თითოეულ გამოწვევასა და პრობლემაზე თანამშრომლებთან ღიად საუბარი, მნიშვნელოვნად დაეხმარება მის განვითარებას.

ნებისმიერი ბიზნესი საბოლოოდ თანამშრომლებამდე დადის, რომლებზეც უაშუალოდ დამოკიდებულია კომპანიის წარმატება თუ წარუმატებლობა. თითოეული პრობლემის ღიად განხილვა, ზრდის ერთმანეთისადმი ნდობას და ამცირებს მარცხისა და შეცდომის დაშვების შიშს, ვინაიდან თანამშრომლებს შორის არსებობს მოლოდინი, რომ მათ ლიდერი ყოველთვის მხარდაჭერას გამოუცხადებს.

მოტივაცია

თითოეულ დეტალზე ღიად საუბარი, სამუშაო სივრცეში ნდობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გუნდის წევრების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას ემსახურება. ამ შემთხვევაში, ლიდერის მოვალეობაა მსგავსი დეტალები დროულად დააფიქსიროს და საკუთარი თანამშრომლების ძლიერი მხარეები წინ წამოწიოს, მისცეს მათ მეტი განვითარების შესაძლებლობა და შესაბამისი პასუხისმგებლობები. ეს სამუშაო სივრცეში მოტივაციის პარალელურად, ზრდის კომპანიის წარმატებასაც.

ბიზნესის წარმატებისთვის, აგრეთვე მნიშვნელოვანია თავად ლიდერის მოტივაციაც. თუკი, კომპანიის მართვა უბრალო სამსახურად განიხილება, ეს აუცილებლად აისახება მის წარმატებაზეც. შესაბამისად საჭიროა კონკრეტული ხედვა და კონკრეტული მიზნები, რომლითაც ლიდერი სხვებს გაუძღვება.

რეალური მოლოდინები და მიზნები

ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის, ლიდერი ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას, რომლის წარმატებულობასაც შემდგომში ბაზარი ამტკიცებს. ტიპიური, მოძველებული, ბიზნეს სტრატეგიისგან, რომელიც მხოლოდ საბოლოო მიზანზე ორიენტირდება, თანამედროვეობა გვთავაზობს, პირველ რიგში, თანამშრომლებზე კონცენტრირებას.

სწორედ თანამშრომლები განაპირობებენ ნებისმიერი ბიზნეს სტრატეგიის შესრულებას და შესაბამისად, გეგმის შედგენისას, ლიდერმა საჭიროა გაითვალისწინოს მათი შეხედულებები და არ შეუშინდეს ინოვაციურ იდეებს.

ლიდერმა უნდა შეიმუშავოს ხედვა, რომლითაც იგი სხვებს შთააგონებს, კონკრეტული ბიზნეს გეგმა, რომელსაც დანარჩენი თანამშრომლები გაჰყვებიან და საბოლოო მიზანი, რომელსაც ისინი ერთად მიაღწევენ.

ბიზნეს გარემოში, ლიდერის მოვალეობაა შექმანს ისეთი სამუშაო სივრცე, რომელშიც მოტივირებული ინდივიდები კარიერულ წინსვლას, პროფესიული გამოცდილების მიღებასა და წარმატების მიღწევას შეძლებენ. კარგი ლიდერი თითოეულ სიტუაციას დეტალურად უნდა აანალიზებდეს და თითოეული პრობლემისთვის კონკრეტულ გადაჭრის გზას უნდა ეძებდეს, რადგანაც სწორედ მისი ქმედებები განაპირობებს ბიზნესის მომავალ წარმატებას.

Categories
სოციალური მედია ბლოგი

ფეისბუქზე მაღაზიის შექმნა

სოციალური მედია მენეჯმენტი

ფეისბუქზე მაღაზიის შექმნა

ჩვენი პროდუქტის ელექტრონული კომერციის არხებით გაყიდვის დროს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სეგმენტი და მათ მიერ
კომპიუტერთან, ტელეფონთან და სხვა მოწყობილობებთან
დახარჯული თითოეული წუთი, იმისთვის, რომ შევძლოთ მათზე მორგებული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა.

მოცემულ ბლოგში ვისაუბრებ ფეისბუქის ერთ-ერთ ძალიან კარგ შესაძლებლობაზე ელექტრონული კომერციის მიმართულებით . განვიხილავ ბიზნეს გვერდზე მაღაზიის დამატებას.

მას შემდეგ რაც ფეისბუქის ბიზნეს გვერდს შექმნით, შეგიძლიათ დაამატოთ მაღაზია, სივრცე სადაც თავს მოუყრით თქვენს თითოეულ პროდუქტს, ფასით, აღწერით, სურათებით და დეტალური ინფორმაციით, ისევე, როგორც სხვა ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე. კარგი შესაძლებლობაა, არა ?

პირველი ნაბიჯი, მაღაზიის შექმნისთვის არის გვერდის სამართავი პანელიდან პარამეტრებში გადასვლა

ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ Templates and Tabs განყოფილებაში, ჩამოვსქროლოთ ( ჩამოვიდეთ მაუსით გვერდის ბოლომდე)

და ავირჩიოთ Add a Tab

სადაც მაღაზიის განყოფილების გასწვრივ, ვირჩევთ რომ დაემატოს მაღაზია.

შემდეგ, მაღაზიის განყოფილებაში გადასვლა და კონფიგურაციაა საჭირო, სადაც ფეისბუქის წესებს და პირობებს უნდა დავეთანხმოთ :

ავირჩიოთ ერთ-ერთი, ყიდვის ორი ალტერნატივიდან : 1) არ გაქვთ დამოუკიდებლად საიტი ( ონლაინ მაღაზია) სადაც გადავამისამართებთ მომხმარებელს და ყიდვისთვის მოგვწერენ შეტყობინებების ველში.

2) გვაქვთ ონლაინ მაღაზია და შეგვიძლია გადავამისამართოთ მომხმარებლები პროდუქციის შესაძენად.

ვირჩევთ ვალუტის კურსს :

და გილოცავთ, თქვენი მაღაზია შექმნილია !!!

ამის შემდეგ თქვენ უნდა დაიწყოთ პროდუქტების დამატება მოცემული განყოფილებიდან :

ირჩევთ ფოტოებს ( რეკომენდირებულია
პროდუქტის სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული 5 სურათი მაინც) , წერთ პროდუქტის დასახელებას, ფასს, აღწერას და ინახავთ პროდუქტს.

იმეორებთ იგივე მოქმედებას სხვა პროდუქტებზეც, სანამ თქვენი ყველა პროდუქტი არ დაემატება მაღაზიაში.

 

ავტორი: გოგა საათაშვილი