Categories
ციფრული მარკეტინგი სოციალური მედია

როგორ იყენებს მარკეტინგი ნეირომეცნიერებას. ანუ რას ნიშნავს ნეირო მარკეტინგი ?

ნეირომარკეტინგი

როგორ იყენებს მარკეტინგი ნეირომეცნიერებას ანუ რას ნიშნავს ნეირო მარკეტინგი ?

ნებისმიერი მარკეტოლოგისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა სურს მომხმარებელს, შეაღწიოს მის ტვინში და გაიგოს, როგორ შექმნას მათთვის საუკეთესო ფასეულობა.

მარკეტინგი ხომ სწორედ მომხმარებლის საჭიროებების დადგენას და მათ დაკმაყოფილებას გულისხმობს, სწორედ ამიტომ, მარკეტინგის განვითარების ეტაპებზე ის უფრო დაუახლოვდა ფსიქოლოგიას და წარმოიშვა  ახალი დარგი – ნეირომარკეტინგი.

ნეირომარკეტინგის მიზანია, გაიგოს, როგორ მოახდინოს გავლენა მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მათი ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის თავისებურებების გათვალისწინებით.  იგი ეხმარება კომპანიებს და მარკეტოლოგებს კონტენტის, ვებ-გვერდების, რეკლამებისა თუ პროდუქტის შეფუთვის იმგვარად აწყობაში, რომ მომხმარებელს უბიძგოს მათი პროდუქტის/მომსახურების შეძენისაკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეირომარკეტინგი ეხმარება ბიზნესს, განვითარდეს კონკურენტულ ბაზარზე, თანაც რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით.

საჭიროა მომხმარებლის ქვეცნობიერის შეცნობა და იმის დადგენა, თუ როგორ და რა გზებით არის შესაძლებელი აუდიტორიის ყურადღების მიქცევა და დარწმუნება, შეიძინონ პროდუქტი/მომსახურება.

ნეირომარკეტინგის წარმოშობის აუცილებლობა გამოიწვია ციფრული სამყაროს განვითარებამ და სარეკლამო საშუალებების კრიზისმა, ნეირომარკეტინგი უმეტესად უკავშირდება კვლევებს და ექსპერიმენტებს, რომელიც დღესდღეობით მრავალი ახალი ტექნოლოგიის საშუალებით ხორციელდება, როგორიცაა fMRA (functional Magnetic Resonance Imaging), მისი საშუალებით ხდება ადამიანის ტვინის სკანირება, შემდეგია ტვინის აქტივობის გამოვლენა, ​მომცემულ მომენტში. მაგალითად, როგორც ცნობილია, თავის ტვინის მარცხენა ჰემისფერო აკონტროლებს მარჯვენა მხედველობით ველს, ხოლო მარჯვენა ჰემისფერო ორივე მხედველობით ველს, კვლევებმა კი აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე გარკვეულ თავისებურებასთან, რომლის თანახმადაც ადამიანი პირველად ყურადღებას აქცევს მარცხენა მხედველობითი ველით აღქმულ ობიექტებს. ეს ინფორმაცია ნეირომარკეტინგში საკმაოდ პროდუქტიულად იქნა გამოყენებული, კერძოდ დადგინდა, რომ რეკლამირების დროს მთავარი აზრი, ლოზუნგი უმჯობესია მარცხენა მხარეს იყოს მოთავსებული, თუ გვსურს, რომ მომხმარებლებმა პირველ რიგში მას მიაქციონ ყურადღება. შესაბამისად, მარკეტერებმა, რომლებიც იცნობენ ნეირომარკეტინგის სფეროს, კარგად იციან თუ როგორ, სად და რომელი დიზაინით  გააკეთონ უფრო ეფექტური რეკლამები.

კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც ნეირომარკეტინგს უკავშირდება, იყო ფერებისა და შეფუთვის შერჩევა. ექსპერიმენტის შედეგით გამოიკვლიეს, რომ მომხმარებელს ნაკლებად იზიდავს პრიალა ქაღალდში შეფუთული პროდუქტი, მართლაც კომპანია Frito-Lay-მ თავისი შეფუთვის დიზაინი შეცვალა, მას შემდეგ, რაც ნეირომარკეტინგის გამოყენება დაიწყო. რაც შეეხება ფერებს, როგორც ცნობილია, სხვადასხვა ფერი განსხვავებულ ემოციებს აღძრავს, მაგალითად ლურჯი ნდობის ფერია, წითელი კი „აღმაფრთოვანებელი“. ფერებთან დაკავშირებით ნეირომარკეტინგი საუკეთესოდ გამოიყენა „კოკა-კოლამ“, მან თავისი ბრენდის ფერად აირჩია წითელი და დღემდე წითელი ფერი ყოველთვის ამ პროდუქტთან ასოცირდება.

როგორც აღმოჩნდა, ნეირომარკეტინგი თანამედროვე ციფრულ სამყაროში მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში, კერძოდ მისი ყველაზე გამორჩეული მხარე ისაა, რომ ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, იგი აძლევს შესაძლებლობას კომპანიებს წინასწარ დაადგინონ ხალხის რეაქცია ახალ პროდუქტთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ნეირომარკეტინგსაც გააჩნია გარკვეული უარყოფითი მხარეები, კერძოდ ბოლომდე არ არის გარკვეული მისი ეთიკური მხარე, რადგან ამ დროს ფაქტობრივად მარკეტერები და ფსიქოლოგები მომხმარებლის ტვინში „დაძვრებიან“ და იმ ინფორმაციას იღებენ, რაც შესაძლოა თვითონ მომხმარებელმაც არ იცოდეს. ასევე, არის საშიშროება, რომ ნეირომარკეტინგი გახდეს მანიპულაციის საშუალება, რაც არცერთი მომხმარებლისთვის არ იქნება სასიამოვნო.

ამრიგად, მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა ნეირომარკეტინგი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენაა, რადგან ერთმანეთს დაუკავშირდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო: მარკეტინგი და ფსიქოლოგია, რაც მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის,  მეცნიერების აღმავლობის საუკუნეში.

კონტრიბუტორი: თათია ჭიკაძე

Categories
სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

რატომ არის საჭირო ვებ-გვერდი თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის?

ვებ გვერდი

რატომ არის საჭირო ვებ-გვერდი თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის?

დღევანდელ ციფრულ სამყაროში მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ინტერნეტი ისეთ ფუნდამენტურ რესურსად იქცა, როგორიც საკვები და წყალია. ინტერნტენტზე მზარდ მოთხოვნას კარგად ასახავს რიცხვებიც: თუ საუკუნის დასაწყისში ინტერნეტს მხოლოდ 400 მილიონი ადამიანი იყენებდა, დღეს უკვე ამ რიცხვმა 4 მილიარდს გადააჭარბა.

ინტერნეტი ბიზნესის და განსაკუთრებით მარკეტინგის განუყრელ ნაწილადაც იქცა.  მისი მრავალი ფუნქციიდან ერთ-ერთი, ყველაზე სარგებლიანი და გამორჩეული სწორედ ონლაინ შოპინგია, რომელმაც ცხოვრება გაუმარტივა მომხმარებელსაც და კომპანიებსაც.

განსაკუთრებით დღევანდელი სიტუაციის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ებრძვის, მოსახლეობას სახლში დარჩენა, კომპანიებს კი დისტანციურად მუშაობა უწევთ. ბიზნესის ონლაინ სივრცეში წარმოების და გავრცელების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ვებგვერდის შექმნა. მსოფლიოში დღესდღეობით 1.7 მილიარდზე მეტი ვებგვერდი ფუნქციონირებს და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. მიუხედავად ამისა, ხშირად ისმის კითხვა: რატომ არის საჭირო ვებგვერდი?

ბევრი ადამაინი ფიქრობს, რომ თუ აქვს ფიზიკური მაღაზია ან სოციალურ ქსელში გვერდი, საჭირო აღარ არის ვებგვერდის არსებობა. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან,  ვებგვერდი საშუალებას გვაძლევს  უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენ შესახებ და შესაბამისად გავზარდოთ მომხმარებელთა რაოდენობაც.

როგორ მოვახერხებთ ამას?

– თანამედროვე სამყაროში, როგორც აღვნიშნეთ, უამრავი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, შესაბამისად, როდესაც რაიმე სჭირდებათ, ისინი ეძებენ საჭირო პროდუქტს ან მომსახურებას უმეტესწილად გუგლის საძიებო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვებგვერდის შექმნა არ არის საკმარისი- თუ გვსურს, რომ მომხმარებელმა სწორედ ჩვენი კომპანია აირჩიოს, მნიშვნელოვანია ჩვენთვის საჭირო და რელევანტური keyword-ების შერჩევა, გამოყენება (ქივორდები არის ის სიტყვები, რომლების საუკეთესოდ აღწერენ კომპანიის კონტენტს, შინაარსს). მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ყვავილების მაღაზია თბილისში, მომხმარებელი საძიებო სისტემაში წერს „ყვავილების მაღაზია თბილისში“ და თქვენი keyword-იც სწორედ ეს ან მსგავსია,  Seo-ს შემდგომ თქვენი ვებ- გვერდი იქნება პირველთა რიგებში, რომელსაც მომხმარებელი დაინახავს. სწორი keyword-ების მარტივად აღმოჩენაში დაგეხმარებათ google keyword planner, ასევე google trends, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შეადაროთ რამდენიმე სიტყვა და ნახოთ, რომელი უფრო ხშირად იძებნება.

 

მეორე მთავარი ფაქტორი, რისთვისაც საჭიროა ვებგვერდი, ეს არის რეპუტაცია.

ხშირად პოტენციური მომხმარებლები საძიებო სისტემაში ეძებენ რაიმე კომპანიას და როდესაც მას ვერ პოულობენ, აღიქვამენ არარეალურად და არ ენდობიან, საბოლოოდ კი მის არსებობასაც ივიწყებენ, შესაბამისად კომპანია კარგავს ახალ მომხმარებელს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიას სოციალურ მედიაში აქვს გვერდი, მაგრამ არა საკუთარი ვებ-გვერდი. ამ დროს, როცა მომხმარებელი დაინტერესდება პროდუქტით ან მომსახურებით, დიდი შანსია, გაუჩნდეს მთლიანი ასორტიმენტის და ფასების დათვალიერების სურვილი და თუ ვერ აღმოაჩენს შესაბამის ვებგვერდს, ის დაიწყებს კონკურენტი კომპანიის მოძებნას, რომელსაც ორგანიზებულად, ვებ – გვერდზე ექნება ინფორმაცია განთავსებული, სადაც ყველაფერი იქნება თავმოყრილი და შეძლებს, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს და აარჩიოს პროდუქტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენი სოციალური ქსელის გვერდზე იყოს მიბმული ვებგვერდის ლინკი, რათა მარტივად შეძლონ მომხმარებლებმა მისი აღმოჩენა და მასზე გადასვლა.

 

მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვებ – გვერდის არსებობას მოაქვს, არის მომხმარებლის კეთილგანწყობა და მათი გულების მოგება, რაც ნამდვილად არაა მარტივი საქმე, ეს ხდება მაშინ, როდესაც  ვებ-გვერდი ყოველმხრივ მორგებულია მომხმარებელზე. ვებგვერდი არის კომპანიის ციფრული მაღაზია და იქ ისეთივე სასიამოვნო გარემო უნდა შევქმნათ, როგორსაც ფიზიკურ ფილიალში ისურვებდით. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის კომპანიის ვებგვერდზე, ის არ უნდა აღმოჩნდეს ქაოსურ და უცხო გარემოში, არამედ პირიქით, მისთვის ნაცნობი, სასიამოვნო და მარტივი გარემო უნდა დახვდეს.

პირველი, რასაც ის დაინახავს უნდა იყოს სასიამოვნო დიზაინი (მაგალითად პასტელური ფერები) და არა გადატვირთული და მკვეთრი ფერები, რამდენიმე პროდუქტის აღმწერი ფოტო, ლოგო, რომელშიც უმჯობესია ჩაშენებული იყოს მთავარ გვერდზე დასაბრუნებელი შორთქათი, რაც თქვენს მომხმარებელს გაუადვილებს ვებ-საიტის დათვალიერებას. ასევე მთავარი მენიუ, სადაც კატეგორიებად იქნება ჩაშლილი პროდუქტის ასორტიმენტი, რათა უფრო მარტივი იყოს სასურველი პროდუქტის ძიება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლის მოსაზიდად ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, ვებგვერდი იყოს მობილურზე და სხვა გაჯეტებზე მორგებული ე.წ mobile -friendly, რადგანაც დღეს სმარტფონი ადამიანის საუკეთესო, განუყრელი მეგობარია, უფრო კომპაქტურია და უკვე იმ ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია, რაც კომპიუტერს, მოსახლეობის უმეტესობა უფრო ხშირად  სწორედ სმარტფონით ეძებს  საჭირო პროდუქტს.

ამიტომაც საჭიროა, თქვენი ვებ – გვერდი იტვირთებოდეს მობილურის ეკრანზე ისე, როგორც კომპიუტერში. იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რამდენად მორგებულია თქვენი ვებგვერდი სხვადასხვა გაჯეტებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ გუგლის ხელსაწყო – google mobile-friendly.

 

საბოლოო ჯამში, დღევანდელ რეალობაში რთული და, ფაქტობრივად, შეუძლებელია მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმოება ვებგვერდის გარეშე. მისი შექმნა ხდება პირველივე ეტაპებზე, რადგან დღეს პირდაპირ მაღაზიის საძებნელად ქუჩებში იშვიათად თუ დადიან, მომხმარებლები ჯერ ინტერნეტში ეძებენ სასურველ პროდუქტს, ირჩევენ მათთვის საუკეთესოს და მარტივად, სწორედ იმ მაღაზიაში მიდიან, ბევრი წვალების გარეშე.

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ დღეს უკვე იშვიათად იყენებენ ტრადიციულ მარკეტინგს და თითქმის მთელი მსოფლიო მომხმარებელთან კომუნიკაციისათვის ციფრულ მარკეტინგს ირჩევს, ვებგვერდი კი მისი განუყრელი ნაწილია, რომელიც კომპანიის მარტივ პორტფელს წარმოადგენს და სადაც მომხმარებლისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია ინახება. ასე რომ, თუ თქვენ ბიზნესს აწარმოებთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვთ ვებგვერდი, სჯობს იჩქაროთ. ვებგვერდის შექმნის პროცესს კი გაგიმარტივებთ და დაგეხმარებათ worldpress.com ან wix.com.

 

 

კონტრიბუტორი: თათია ჭიკაძე

Categories
სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

რა არის SEO და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის?

SEO

Რა არის SEO და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის?

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის არსებობა ვებგვერდის გარეშე თითქმის წარმოუდგენელი ხდება. თუკი ციფრულ სამყაროში სათანადოდ არ ხარ წარმოჩენილი, შენი მომავალი განწირულია. ეს ეხება როგორც მსხვილ ბიზნესკორპორაციებს, ისე მცირე მეწარმეებს. 

ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მიმართავს საძიებო სისტემებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მნიშვნელოვანია, რომ შენი ბიზნესისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია ამ ადამიანებისთვის არამხოლოდ ხელმისაწვდომი იყოს, არამედ საძიებო სისტემაში ძიებისას პირველივე გვერდზე გამოჩნდეს. სხვა შემთხვევაში, შენი პროდუქცია ინტერნეტში ,,დაიკარგება” და პოტენციურ მყიდველამდე ვერ მიაღწევს. 

 

სწორედ ამისათვის არის საჭირო ვებგვერდისა და, შესაბამისად, მისი კონტენტის seo ოპტიმიზაცია, რაც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ნიშნავს (seo – search engine optimisation). 

 

google ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი საძიებო სისტემაა. ძიებების 90% სწორედ google-ის მეშვეობით ხორციელდება. შესაბამისად, seo ოპტიმიზაციას აღნიშნული საძიებო სისტემის მაგალითზე განვიხილავთ. 

 

 

google-ში ძიების შედეგების ჩვენებისას, პირველ 2-3 შედეგს ხშირად რეკლამა წარმოადგენს, ხოლო  დანარჩენ სივრცეს სხვა, ყველაზე რელევანტურ ვებსაიტებს უთმობს. ამას ეწოდება ე.წ. ორგანული შედეგი (organic results). სტატისტიკის მიხედვით, ამ შედეგებიდან (გარდა რეკლამისა), ვიზიტორთა რაოდენობა პროცენტულად ასე ნაწილდება:

 

1-ლი ადგილი  – ვიზიტორთა 35-40%

მე-2 ადგილი – ვიზიტორთა 15-20%

 

მე-3 ადგილი – ვიზიტორთა 10%. 

 

შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ვებსაიტი, სულ მცირე, ამ სამეულს შორის მოხვდეს. 

 

საძიებო სისტემები შედეგებს გარკვეული ალგორითმის მიხედვით გვიჩვენებენ.  საძიებო სისტემების მიხედვით (google, yahoo, yandex, bing), შესაძლოა, ეს ალგორითმი მცირედ განსხვავდებოდეს, თუმცა პრინციპი მაინც ერთია. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი ტიპის seo:  on – page seo და off-page seo.

on-page seo-ზე მუშაობისას უნდა გავმართოთ ის ელემენტები, რომლებიც უშუალოდ  საიტზე გვაქვს. მაგალითად: შინაარსი/კონტენტი, keyword-ები, სურათის აღწერები, თეგები, შიდა ლინკები, meta title, url და სხვ. ტექნიკური მახასიათებლები. შეიძლება ითქვას, on-page seo  სამართავად უფრო მარტივია, რადგან ვებსაიტს შენ აკონტროლებ, შესაბამისად, შეგიძლია, ნებისმიერ დროს შეიტანო სასურველი ცვლილებები. 

off-page seo კი მოიცავს ე.წ. backlink-ებს, ანუ რამდენად ლინკავენ შენს საიტს/კონტენტს ადამიანები თავიანთ ვებგვერდებზე, სოციალურ მედიაში, ფორუმებზე და ა.შ. off-page seo შედარებით ნაკლებად არის შენი კონტროლის ქვეშ,  რადგან ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხარ სხვა ადამიანების კეთილ ნებაზე, რამდენად ჩათვლიან ღირსად შენს კონტენტს, რომ გააზიარონ. ამ პრობლემას ღირებული და რელევანტური შინაარსის შეთავაზება მოხსნის. 

საძიებო სისტემები განუწყვეტლივ ვითარდებიან და უფრო მეტ ინფორმაციას ფილტრავენ, რათა უკეთესი შედეგები უჩვენონ მაძიებლებს. 

საძიებო სისტემებს შეუძლიათ განსაზღვრონ იმ ადამიანის ადგილმდებარეობა, რომელიც კონკრეტულ პროდუქტსა თუ სერვისს ინტერნეტის მეშვეობით ეძებს.  მაგალითად, თუკი  იმყოფებით თბილისში და google-ში ეძებთ ყვავილების მაღაზიას, ძიების შედეგად საძიებო სისტემა შემოგთავაზებთ თბილისში არსებულ ყვავილების მაღაზიებს, და არა, მაგალითად, ნიუ-იორკში არსებულს. 

საძიებო სისტემა, ასევე, განსაზღვრავს რომელ დივაისებს იყენებთ. დივაისების მეშვეობით საძიებო სისტემა უკვე ფლობს გარკვეულ ინფორმაციას თქვენზე და თქვენს ინტერესებზე, ეს კი  საშუალებას აძლევს, შემოგთავაზოთ ძიების გაცილებით რელევანტური შედეგები. 

seo-ზე მუშაობისას ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საძიებო ფრაზების, ე.წ. keyword-ების სწორად განსაზღვრაა. keyword არის საკვანძო სიტყვა, რომელიც ზუსტად აღწერს ჩვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას. სწორედ ამ საკვანძო სიტყვების მეშვეობით ეძებენ მომხმარებლები ჩვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციას. აუცილებელია, რომ აღნიშნული keyword-ები გამოვიყენოთ ჩვენი საიტის კონტენტში, სათაურებსა თუ აღწერებში. 

 

keyword-ების მოძიება შესაძლებელია ისეთი პლატფორმის მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, google keyword planner-ი. აქ შეგვიძლია ვნახოთ, რომელი სიტყვებითა თუ ფრაზებით ეძებენ ყველაზე ხშირად მომხმარებლები ჩვენი ტიპის პროდუქტსა თუ მომსახურებას. საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის დროს რელევანტური keyword-ის არჩევა არის თქვენი ვებსაიტის წარმატების საფუძველი.

 

უნდა დავრწმუნდეთ, რომ კონკრეტულ keyword-ზე თუკი გადმოვა მომხმარებელი, მას ადეკვატურ კონტენტს ვთავაზობთ, სხვა შემთხვევაში იგი უბრალოდ გავა ჩვენი საიტიდან.

გახსოვდეთ ოქროს წესი:  თქვენი საიტი დამზადებულია ადამიანებისთვის და არა –  საძიებო სისტემებისთვის. 

ნუ დაამატებთ ზედმეტ keyword-ებს ან მათ ვარიაციებს თქვენს საიტს. მათ გამოყენებას საჭიროების გარეშე ეწოდება “keyword stuffing”, რაც ეწინააღმდეგება საძიებო სისტემების პოლიტიკას.  

საკვანძო სიტყვების/ფრაზების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მათი გამოყენების:  სიხშირე, კონკურენტულობა და რელევანტურობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმატებით შეძლებთ საიტის ოპტიმიზაციას. 

seo-ზე მუშაობა არასოდეს მთავრდება, ეს განახლებადი პროცესია. მომხმარებლებმა შესაძლოა შეიცვალონ ქცევა და, შესაბამისად, საძიებო სისტემებმაც შეცვალონ ალგორითმი. ჩვენი ამოცანაა განვსაზღვროთ, როგორ იმოქმედებს ცვლილებები ჩვენს საიტზე. 

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მუდმივად მოვხვდეთ საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციებზე? 

 

  • შევისწავლოთ, როგორ მუშაობს საძებო სისტემა
  • ავუწყოთ ფეხი სიახლეებს.

მაგალითად, დღეს მნიშვნელოვანია, რომ საიტი იყოს მობილურზე მორგებული ( mobile-friendly), რადგან ყოველდღიურობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს სმარტფონს, ვიდრე კომპიუტერს.  

თვალი ვადევნოთ სხვა, კონკურენტი ბიზნესების საიტებს.

ხომ არ სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს  უფასო მიწოდების სერვისს? რამდენად აქტიურები არიან სოციალურ მედიაში? ხშირად ანახლებენ თუ არა ვებსაიტს ფოტომასალით? ეს დაგვეხმარება, დავხვეწოთ ვებსაიტი და გავხდეთ კონკურენტუნარიანები. 

ვესაუბროთ ჩვენს მომხმარებლებს. მივიღოთ მათგან რჩევები. მათ უკეთ იციან, რა გამოგვრჩა საიტზე; მათგან შეგვიძლია გავიგოთ, რომელ პროდუქტს ან მომსახურებას ეძებენ, რომელ საკვანძო სიტყვებს იყენებენ ძიებისას და სხვა

კონტრიბუტორი: ქეთევან ასლანიშვილი

Categories
სოციალური მედია

სოციალური მედია გაყიდვებში

სოციალური მედია მენეჯმენტი

სოციალური მედია გაყიდვებში

მომძებნე ფეისბუქზეგამოიწერე ჩემი არხითვალი ადევნე ჩემს ბლოგს … 15 წლის წინ ეს სიტყვები არაფერს არ გვეტყოდა, დღეს კი ჩვენი ყოველდღიურობის  შემადგენელი ნაწილია. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება სოციალურ ქსელებზე განსხვავებული მიზნებით:

• იმისთვის, რომ ჰქონდეთ მარტივი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან;

• გაიგონ სიახლეები ბრენდებზე, ბიზნესებზე, ან თუნდაც მათთვის საინტერესო ადამიანზე;

• ხელი შეუწყონ გაყიდვებს და უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ბრენდი.

სოციალური მედია თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ან მარკეტერისთვის, არის ბრენდის მაცოცხლებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. იმისთვის, რომ გაუძლოთ კონკურენტულ გარემოს და გქონდეთ მომხარებელთან უშუალო კომუნიკაცია, გჭირდებათ რომ აქტიურ მდგომარეობაში გქონდეთ თქვენი სოციალური მედია არხები. სწორედ ეს არის სოციალური მედია მარკეტინგი.
სტანდარტული განმარტებით სოციალური მედია მარკეტინგი არის ინტერნეტ მარკეტინგის ფორმა, რომელიც სოციალური ქსელის საიტებს იყენებს მარკეტინგის იარაღად იმისთვის, რომ მომხმარებლის ჩართულობა და პროდუქტით დაინტერესება გამოიწვიოს.
არაფორმალური განმარტებით კი სოციალური მედია მარკეტინგი არის ფლირტი საკუთარ მომხმარებელთან.

სოც. მედია გვთავაზობს არაერთ პლატფორმას და არხს იმისთვის, რომ გავყიდოთ ჩვენი მომსახურება და სერვისი. ამ  ბლოგში ვისაუბრებ ძირითად ფაქტორზე, რისი გათვალისწინებაც დაგვეხმარება ჩვენი ამოცანის შესრულებაში.

აირჩიეთ ყველაზე რელევანტური სოციალური ქსელები.

პირველ ეტაპზე თქვენი მიზანი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა:
1) რომელი არხები მუშაობს ყველაზე აქტიურად თქვენს პოტენციურ სარეალიზაციო ქვეყანაში. საქართველოში ამ მიმართულებით უპირობო ლიდერია facebook.com, instagram.com და youtube.com, თუმცა, ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა linkedin-ის პრაქტიკულობა ამ მიმართულებით.
2) კონკრეტული საიტის არჩევისას ისიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა ტიპის პროდუქტის, ან მომსახურების გაყიდვას აპირებთ და მაქსიმალურად მოარგოთ საიტის შიდა პოლიტიკას თქვენი კონტენტი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სურათის ზომები, სურათზე ტექსტის პროცენტული შემადგენლობა და ტექსტი.

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ თქვენთვის სასურველ სოციალურ ქსელებს, მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ ქსელის ხელსაწყოები, დამატებითი შესაძლებლობები და პროდუქტები.

ფეისბუქის შემთხვევაში, შექმენით Shop სივრცე, სადაც მოწესრიგებულად ატვირთავთ თქვენს პროდუქტს, ფოტოებთან და ფასებთან ერთად. ასევე, დაალაგებთ ამ ყველაფერს კატეგორიებისა და მოდელების მიხედვით. მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია გაასაჯაროვეთ თქვენი კომპანიის ღირსებების შესახებ, დაწერეთ თქვენი მთავარი მიღწევების შესახებ,  დაწერეთ მიზნები და მისია, დაარსების თარიღი და საკონტაქტო ინფორმაცია.

იყავით ყურადღებიანი თქვენს მომხმარებელთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

არ დატოვოთ ყურადღების გარეშე არც ერთი შეტყობინება, რომელსაც თქვენი მომხმარებელი გწერთ. დააყენეთ ავტომატური პასუხი შეტყობინებებზე, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო საათებში 1 საათზე დიდი დრო გჭირდებათ მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

მოიფიქრეთ, რა ტიპის კომუნიკაცია უნდა გქონდეთ მომხმარებელთან და დაიჭირეთ ერთი ნიშა.

ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვინ არის თქვენი მომხმარებელი, ვის და როგორ ესაუბრება ბრენდი. ხართ მეგობრულები მომხმარებლის მიმართ, თუ საუბრობთ აკადემიურად და ოფიციალურად? კონტენტის და პოსტების შინაარსი, ვიზუალი და პირადი მიმოწერა ერთი საკომუნიკაციო სტრატეგიით გქონდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით კონკრეტულ ადამიანს და მაქსიმალურად ჩაშალეთ მისი მახასიათებლები, ინტერესები, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, შემდეგ კი დაიწყეთ საუბრის პროცესი. აგრძნობინეთ მომხმარებელს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია.

დაუთმეთ დრო კვლევას და დაგეგმეთ სწორი რეკლამა.

ყურადღება მიაქციეთ რეკლამირებას, მის ტიპებს და გააანალიზეთ მიღებული შედეგები. დაკვირვების შედეგად გაითვალისწინეთ კონკრეტული ფაქტორები, რაც თქვენს აუდიტორიაზე დადებითად მოქმედებს და მეტად იმუშავეთ ამ მიმართულებით. როგორი ტიპის პოსტები გჭირდებათ? ინფორმაციული, შემეცნებითი, თუ ჩართულობითი ?

ავტორი: გოგა საათაშვილი

Categories
სოციალური მედია

სოციალური მედიის პროდუქტები

სოციალური მედია მენეჯმენტი

სოციალური მედიის პროდუქტები

ვთანხმდებით, რომ სოციალური მედია უდიდეს შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა ტიპის ბიზნესს, როგორც მცირეს, ასევე საშუალოსა და მსხვილს და არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებს. თუმცა, ამ შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისთვის, აუცილებელია, გვქონდეს გარკვეული წარმოდგენა სოციალური მედიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მათი მოხმარების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე აქტიური პლატფორმები ფეისბუქი (Facebook) და ინსტაგრამია (Instagram), დღევანდელ ბლოგში სწორედ მათ მიმოვიხილავ.

პირველ რიგში, აუცილებელია, ვახსენოთ ის მთავარი უპირატესობები, რაც სოციალურ მედიას გააჩნია სხვა მედია არხებთან შედარებით. ესენია:

მიზნობრივ აუდიტორიამდე მისვლა;
ორმხრივი და მყისიერი კომუნიკაცია;
საჯაროობა;
უკუკავშირი;
დეტალური ანალიტიკა.

შესაძლოა, ამჟამად Facebook და Instargram თქვენთვის მხოლოდ მარტივ პოსტთან და დაბუსტვასთან (რეკლამირება) ასოცირდებოდეს, მაგრამ ის, რასაც ეს ორი პლატფორმა მოიცავს, ზემოთქმულზე ბევრად მეტია.

Facebook-ს მრავალი პროდუქტი გააჩნია, თუმცა, ბევრი მათგანი საკმაოდ სპეციფიკურია და თითოეულის განხილვა ცალკეული ბლოგის დაწერას მოითხოვს. თუმცა, მთავარი ღირებულებები ბიზნეს გვერდების სამართავ პანელში იმალება და მეც მათ მიმოვიხილავ მოკლედ.

• გარდა ჩეულებრივი ტიპის პოსტებისა, რომელიც ფოტოსა და ტექსტს მოიცავს, თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ჩანაწერები, მაილსთოუნები, ჩაატაროთ მარტივი ტიპის გამოკითხვა, ჩაერთოთ პირდაპირი ტრანსლაციით და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ მომხმარებლებთან, გამოიყენოთ 360 ტიპის ფოტოები, შექმნათ კარუსელის ტიპის რეკლამები. გარდა ამისა, შეგიძლიათ დააგენერიროთ პოსტები იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის აქტივობის გამოწვევა გინდათ მომხმარებელში. მაგალითად, მეტი SMS შეტყობინება, ან მეტი უშუალო ზარი თქვენს საკონტაქტო ნომერზე.

• Facebook-ის ატრიბუტებს წარმოადგენს ასევე shop და services/მაღაზია და სერვისები. Shop (მაღაზია) სივრცეში შეგიძლიათ, განათავსოთ თქვენი პროდუქტები აღწერებითა და ფასებით. ეს აადვილებს მომხმარებლებისთვის პროდუქციის დათვალიერებას და ფაქტობრივად, მიკრო ონლაინ მაღაზია იქმნება. სერვისების სივრცე კი საშუალებას გაძლევთ, დაწეროთ კიდევ უფრო მეტი თქვენი შეთავაზებებისა და მომსახურებების შესახებ, იქნება ეს მიტანის სერვისის, ონლაინ კონსულტაციისა, თუ სხვადასხვა შეთავაზებების განმარტებები.

• Review და community – ეს ორი ატრიბუტი facebook-ს სწორედ იმ ხიბლს მატებს, რაც უშუალობას, უკუკავშირს და ბიზნესის ახლოს გაცნობას უკავშირდება. Review-ს საშუალებით მომხმარებლები აფასებენ თქვენს ბიზნესს, უწევენ, ან არ უწევენ რეკომენდაციას. Community-ში კი ხვდება ყველა ის პოსტი, სადაც თქვენი ბიზნესია ნახსენები. იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეიძინოს თქვენი პროდუქტი, ან ისარგებლოს თქვენი მომსახურებით, მნიშვნელოვანია, გაიგოს, ან მოისმინოს სხვა ადამიანების რჩევები და რეკომენდაციები, შეფასების ველით პოტენციური მომხმარებლები ნახულობენ თქვენს შესახებ უკუკავშირს და უფრო ადვილად იღებენ ყიდვის გადაწყვეტილებას. Community კი თავს რაიმე ჯგუფის წევრად აგრძნობინებს.

• Facebook business – ფეისბუქის ეს შიდა პანელი აერთიანებს ძალიან ბევრ განძს. თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია დარეკლამების ტიპებზე, შემდეგ კი სწორად დაგეგმოთ და გაუშვათ რეკლამები.

ბიზნეს მენეჯერიდან თქვენ შეგიძლიათ:

• გაიგოთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყველა მახასიათებელი;

• ისარგებლოთ ფეისბუქის რჩევებით და შექმნათ კრეატიული კონტენტი;

• შექმნათ მრავალი ტიპისა და სახის რეკლამა – გარდა პოსტების გარეკლამებისა, თქვენ შეგიძლიათ

• გაარეკლამოთ თქვენი ვებ-გვერდი, შექმნათ მესენჯერ რეკლამები, გაუშვათ post click რეკლამები და ა.შ.

• ისარგებლოთ ყველაზე დეტალიზებული ანალიტიკით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, როგორი იყო თქვენი პოსტების მიღწევადობა აუდიტორიამდე, როგორი შედეგი გამოიღო მან, როგორია გვერდის აქტივობები წინა თვეებთან შედარებით, რომელი პოსტები ამართლებს უფრო მეტად, როგორი ტიპის მომხმარებელი ერთვება თქვენს პოსტებში და ა.შ

• ბიზნეს ფეისბუქის საშუალებით შეგიძლიათ, აკონტროლოთ თქვენ მეირ დახარჯული თანხები ფეისბუქ რეკლამებში, დაამატოთ ბარათები და.ა.შ

რაც შეეხება ინსტაგრამს, ეს პლატფორმა უკვე ფეისბუქს ეკუთვნის და მის პროდუქტს წარმოადგენს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც ერთ-ერთი სოციალური მედია არხია, რომელსაც თავისი მახასიათებლები აქვს. იგი, უმეტესად, ფოტოებისა და მოკლე ვიდეოების გაზიარების საუკეთესო საშუალება იყო და არის, თუმცა, მას დაემატა ბიზნესის მხარე და მისი გამოყენება კომერციულმა სფერომაც აქტიურად დაიწყო.

რომელი ინსტაგრამ პროდუქტებით შეგვიძლია ვაქციოთ ის ეფექტურ არხად?

ბიზნეს მხარე – ეს მხარე საშუალებას გვაძლევს, დავუკავშიროთ ჩვენი ინსტაგრამის არხი ფეისბუქის გვერდს, გავუკეთოთ ინსტაგრამის მომხმარებლებს ანალიზი, გავუშვათ რეკლამა;

სთორები და ჰაილაითები– ყოველდღიურად შეგვიძლია, მოვუყვეთ და ვაჩვენოთ ჩვენს მომხმარებლებს ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები. ეს საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლისთვის მუდმივად ცოცხალი და აქტიური ბრენდის იმიჯი გვქონდეს;

Hashtags –  ყველამ ვიცით თეგების ჩამთრევი ძალა. ისინი ინსტაგრამის დიდ დამსახურებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. თეგებს ჩემთვის ორი მთავარი დადებითი მხარე აქვს:

​პირველ რიგში, თუ ჩვენ შევქმნით ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებულ თეგებს, ის დაგვეხმარება ერთ სივრცეში მოვაქციოთ ყველა ფოტო და ინფორმაცია, რაც ჩვენს ბიზნესს უკავშირდება. მეორე მხრივ კი თუ ჩვენ აქტუალურ და დიდი პოპულარობის მქონე თეგებს გამოვიყენებთ, უფრო მეტად გავზრდით მომხმარებლების რაოდენობას.

ავტორი: გოგა საათაშვილი