Spark

კონტენტ მარკეტინგი

რა არის კონტენტ მარკეტინგი და რატომ არის ეფექტური ბიზნესისათვის?

დღევანდელ ციფრულ სამყაროში რეკლამები ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა, რადგან ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში. ფაქტობრივად, 21-ე საუკუნე რეკლამირების ხანად იქცა.

დღესდღეობით კომპანიების რეკლამირება საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, ამის ცალსახა მაგალითია კონტენტ მარკეტინგი, რაც  გულისხმობს მომხმარებლისათვის მოთხოვნადი, რელევანტური კონტენტის შექმნასა და გავრცელებას, ეს არის ერთგვარი მარკეტინგული ტექნოლოგია, რომლის მიზანიც მომხმარებლის მოზიდვაა.

კონტენტ მარკეტინგი, მთლიანად მომხმარებლებსა და მათ ფასეულობებზეა ორიენტირებული და სწორედ ეს ხდის მას ასეთ ეფექტურს, ის წარმოაჩენს ზუსტად იმას, რაც სამიზნე აუდიტორიას სურს და მოსწონს.

კონტენტ მარკეტინგი ზრდის ცნობადობას, ვიზიტორებს და, რაც მთავარია, მომხმარებელთა რაოდენობას. ბიზნესისათვის კონტენტ მარკეტინგი მეტად მომგებიანია, რადგან ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით მისი დანახარჯები 62% უფრო მცირეა და თანაც 3-ჯერ უფრო ეფექტური შედეგის მოტანა შეუძლია. მარკეტინგის ამ ტექნიკით კომპანიები ცდილობენ, უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ მომხმარებლებს, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა და პოზიციონირდნენ, მათთვის მნიშვნელოვან, მათზე მზრუნველ ბრენდებად, ამიტომაც მარკეტოლოგები ცდილობენ, შექმნან არა  უბრალოდ რეკლამები, სადაც კომპანიაზე ისაუბრებენ, არამედ ისეთი კამპანიები, სადაც მომხმარებლებზე და მათ ფასეულობებზე გააკეთებენ აქცენტს.

მაგალითისთვის, ძალიან საინტერესო კამპანია ჰქონდა თავის მოვლის საშუალებების კომპანიას „DOVE“, რომლის მთავარი მიზანიც იყო, რომ თავისი მომხმარებელი ქალებისთვის დაენახებინა, რომ  იმაზე ლამაზები არიან, ვიდრე თვითონ ფიქრობენ. აქვე გთავაზობთ მოცემულ ვიდეოს:

კონტენტ მარკეტინგის დახმარებით, ასევე ძალიან კარგი კამპანია წამოიწყო ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანიამ „ჯეთბლუ“ (Jetblue). კამპანიის მთავარი გმირები ყველაზე პატრა მგზავრები – ბავშვები იყვნენ. იმის გამო, რომ ფრენისას ბავშვის ტირილი ბევრისთვის ძალიან დამღლელი და არასასიამოვნო იყო, კომპანიამ სცადა მგზავრებისთვის ეს მოვლენა სასიამოვნო გაეხადა, ამისათვის კი მათ გადაწყვიტეს, რომ  ბავშვების ტირილისას ყველა მგზავრისთვის მიეცათ 25% ფასდაკლება შემდგომ ფრენაზე. რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ ვიდეოს ლინკსაც:

რა საკვირველია, კონტენტ მარკეტინგი მხოლოდ ვიდეო რეკლამებს არ მოიცავს და იგი ეხება პრომოუშენის ყველა საშუალებებსაც: ონლაინ რეკლამებს, სტატიებს, ფოტოებს, სხვადასხვა კამპანიებს, ინტერაქტიულ კვლევებს… მოცემულის ერთ-ერთი კარგი მაგალითია კოკა-კოლას კამპანია – „გაუზიარე კოკა-კოლა“, რომელიც ალბათ ბევრს ახსოვს.

როდესაც კომპანიამ დაიწყო ბოთლების ეტიკეტებზე ადამიანების სახელების დაწერა, რამაც მომხმარებლის აღტაცება გამოიწვია, ხალხი ყიდულობდა მას იმიტომ, რომ ბოთლზე ეწერა მათი სახელები და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ბოთლი პირადად მათთვის იყო შექმნილი. კოკა-კოლას ეს კამპანია მთელ მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა და ბევრი ადამიანისათვის დარჩა სასიამოვნო მოგონებად.

საბოლოო ჯამში, კონტენტ მარკეტინგი არის  ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრომოუშენის საშუალება, რადგან, დღესდღეობით, მომხმარებლები ირჩევენ იმ ბრენდის პროდუქციას, რომელიც მათ სურვილებზე და ფასეულობებზეა ორიენტირებული.

კონტრიბუტორი: თათია ჭიკაძე