Spark

მარკეტინგი და PR

მომხმარებელთან ურთიერთობა და პროდუქტის შეთავაზება

როგორ დავადგინო, რატომ არ მაქვს გაყიდვები?

აი, გვერდით მაღაზიაში ბევრი ხალხი შედის, ჩემთან კი თითო-ოროლა!

ვუშვებ ამ რეკლამას და ეფექტი არ აქვს!

როგორ გავაფართოვო ჩემი ბიზნესი?

მოკლედ, მსგავსი შეკითხვები შორს წაგიყვანთ, თუ კარგად არ დაფიქრდებით, როგორ ემსახურებით მომხმარებელს და რას სთავაზობთ მას სინამდვილეში. ხშირად მცირე ბიზნესის მფლობელი იმდენად ჩართულია ყოველდღიურ რუტინაში, რომ ავიწყდება ცოტა ხნით კომპანიისთვის უცხო თვალით შეხედვა, დაკვირვება და ანალიზი იმისა, თუ რა კეთდება სწორად, რა შეცდომებია საქმიანობაში,  რას ფიქრობს მომხმარებელი პროდუქტზე და ზოგადად, იქნებ გაფართოვების დრო დადგა?

ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ბიზნესის წამოწყებისას შეხვდებით, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციაა.  მომხმარებელთან სწორად აგებული ურთიერთობა კარგი გაყიდვების და თქვენი ბრენდის პოპულარობის წინაპირობაა. კმაყოფილი მომხმარებელი შემდგომში სხვებთანაც კარგ რეკომენდაციას გაგიწევთ  და აუცილებლად დაბრუნდება შემდეგი შენაძენისთვის.

გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც ჩემს შემთხვევაში კარგად მუშაობს და შეგიძლიათ, თქვენც გამოიყენოთ:

მოერგეთ მომხმარებელს

დაფიქრდით, როგორია სხვა კომპანიების თქვენთან, როგორც მომხმარებელთან, კომუნიკაცია – ხვდებიან კი ისინი, სინამდვილეში რა გჭირდებათ? იქნებ თქვენ ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა გსურთ, ისინი კი არ გთავაზობენ ამას, ან იქნებ ფეისბუქზე ეძებდით მომსახურებას/პროდუქტს და ვერ იპოვეთ?

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ხშირად კომპანიები მხოლოდ საკუთარი მოსაზრებით ქმნიან მომსახურებას/პროდუქტს და ავიწყდებათ, როგორ შეიძლება მომხმარებელის ფაქტორის გათვალისწინება. დაფიქრდით, იქნებ მომხმარებელს უფრო გაუმარტივდება თქვენი მოძებნა, თუ Google -ის რუკაზე დაიტანთ თქვენს მაღაზიას, ან იქნებ Facebook-ზე სურს მას, რომ მოგწეროთ და გკითხოთ დეტალები მანამ, სანამ პროდუქტს შეიძენს?

გამოყავით დრო და აუცილებლად შეისწავლეთ, რა სახის კომუნიკაციას ელის თქვენი მომხმარებლის სეგმენტი თქვენგან და ითამაშეთ მათი წესებით. ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, მეტად მოგებული დარჩებით.

გაეცით, რათა მოიპოვოთ

კარგ და ცუდ კომუნიკაციას შორის განსხვავება ისაა, რომ კარგი დამატებით ფასეულობას სძენს ორივე მხარეს, ჰმატებს რაღაცას, რაც ორივესთვის სასარგებლოა. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც მომხმარებელთან კომუნიკაციის გეგმებს აწყობთ, ეცადეთ, რაიმე სასარგებლო გააცნოთ მას. მაგალითად, თუ პატარა საკონდიტრო გაქვთ, მანამ, სანამ მყიდველი რაიმე ნამცხვარს შეარჩევს, გამოკითხეთ მას, რისთვის არჩევს ტკბილეულს, მოუყევით, როგორ ჩაის მოუხდება შერჩეული ტორტი, ან თუ დაბადების დღის ტორტს ყიდულობს, აჩუქეთ მისალოცი ბარათი და ა.შ

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ Facebook-ის გვერდზე, ტკბილეულის რეცეპტები დადოთ  და ასწავლოთ მომხმარებელს, როგორ შეიძლება სხვადასხვა ნუგბარის მომზადება. მოკლედ, ბევრი, რომ არ ვისაუბრო, მსგავსი დეტალების მოფიქრება თქვენც  შეგიძლიათ და ეს ნამდვილად დადებითან აისახება თქვენს საქმიანობაზე.

ეცადეთ, იყოთ მეგობარი

აბა, დაფიქრდით, მეგობრის რჩევით რამდენჯერ გაგისინჯავთ რაიმე პროდუქტი, ან მისულხართ ექიმთან კონსულტაციაზე?  დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ. ჩვენ, როგორც ადამიანებს, გვიყვარს მათი მოსმენა, ვისაც ვენდობით, ხოლო როგორც მომხმარებლებს – იმ კომპანიების პროდუქტების ყიდვა, რომელთან, ასევე, ვენდობით.

ამიტომ, ეცადეთ, იყოთ მეგობრული და სანდო. ყოველთვის ეცადეთ მყიდველის დახმარებას, მაშინაც კი, თუ მისთვის სასურველი პროდუქტი არ გაქვთ (არ დაგავიწყდეთ, შეგიძლიათ, სხვაგან გააგზავნოთ). პირველივე კომუნიკაციისას აუცილებლად მიესალმეთ, გაუღიმეთ, ნუ დაგავიწყდებათ – ეს დადებითი განწყობის და კმაყოფილების მნიშვნელოვანი ატრიბუტია. აუცილებლად უთხარით მომხმარებელს მადლობა თქვენი პროდუქტის არჩევისთვის და დაემშვიდობეთ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სხვა დროს თქვენც მომხმარებელი ხართ და კარგად იცით, როგორი მომსახურება გაგიხარდებოდათ. ამიტომ, ეცადეთ, ცოტათი მაინც დაემსგავსოთ იმას, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. კარგად გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც თქვენი პროდუქტის დასათვალიერებლად მოვიდა, თქვენი პოტენციური მყიდველია. მომხმარებელთან კომუნიკაცია, მისთვის პროდუქტის შეთავაზება რთულია, თუმცა, თუ კარგად გესმით თქვენი პროდუქტის დადებითი მხარეები, მაშინ რატომაც არ შეიძლება ის სხვებსაც გააცნოთ, აღაფრთოვანოთ და დაიმეგობროთ ?!

კონტრიბუტორი: თამთა გველესიანი