Spark

ფინანსები

როდის იწყებ დაფინანსებაზე ფიქრს

ბიზნესის დაწყებამდე დამფუძნებლები ხშირად ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ ბიზნესის დაწყება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. თუმცა კონკრეტულად რამდენია ეს „დიდი ფინანსები“ არც კი იციან. აბა დაფიქრდით თუ მსგავს აზრს თქვენს გონებაშიც გაუვლია ე.ი დროა სხვაგვარად ფიქრი დაიწყოთ. 

– 20 000 მომეცი და მე ვიცი როგორ ბიზნესს დავიწყებ – ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა პოტენციურმა დამფუძნებელმა, თუმცა დაკონკრეტება რომ ვთხოვე რა ხარჯების დასაფარად უნდოდა მთელი ოცი ათასი, ვერაფერი ვერ მიპასუხა. ასე გაუაზრებლად დათვლილი ფინანსების გამო ხშირად აწყდებიან ბარიერს ბიზნესის დაწყებისას, არადა პირველადი ბიუჯეტის ზუსტად გაწერა ბევრ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს და დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯი გადადგათ ბიზნესის შექმნაში. 

სანამ დაფინანსებაზე ფიქრს დაიწყებთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია კარგად თქვენი იდეა რამდენად შეესაბამება ბაზარზე არსებულ ტრენდებს, ჭრის თუ არ მომხმარებლის პრობლემას და სჭირდება თუ არა მომხმარებელს პრობლემის თქვენეული მოგვარების გზა. ამ საკითხის გააზრებაში ბაზრის ანალიზი, პოტენციური მომხმარებლის გამოვლენა და პროდუქტის ტესტირება დაგეხმარებათ.  მოცემული პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დამფუძნებლისგან დიდ ძალისხმევას და ენთუზიაზმს მოითხოვს.  

მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის საჭირო და მისაღებია, დაითვალეთ რა მინიმალური დანახარჯებით არის შესაძლებელი პირველადი ვერსიის შექმნა. აქვე,  არ დაგავიწყდეთ ბიუჯეტის შედგენისას საკუთარი შრომაც გაითვალისწინოთ და მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურების გარეშე მუშაობთ, მოცემული თანხა აუცილებლად გაწერეთ ხარჯებში, ვინაიდან თქვენი შრომა  თქვენი საწყისი ინვესტიციაა საქმეში და ამის შესახებ პოტენციურმა ინვესტორმაც უნდა იცოდეს. უფრო მეტიც, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ საწყისი პროდუქტის შექმნა თქვენივე ძალებით შეგიძლიათ და რატომაც არა !  დაიწყეთ კეთება და პირველი წარმატების შემდეგ, ინვესტიციის მოზიდვაც გამარტივდება, თან ინვესტორისთვისაც გექნებათ საჩვენებელი და მოსაყოლი უკვე მიღწეული შედეგები. 

ხშირად, ძალიან ადრე მოპოვებული დაფინანსება შესაძლოა ზედმეტი თავის ტკივილადაც იქცეს, ვინაიდან დაფინანსების მოპოვება, იქნება ეს გრანტი თუ კერძო ინვესტიცია, ყოველთვის გარკვეულ პასუხისმგებლობებს უკავშირდება, საწყის ეტაპზე კი შესაძლოა ბიზნესი მზად არ იყოს მსგავსი პასუხისმგებლობების შესასრულებლად, რაც შესაძლოა წარუმატებლობის მიზეზად იქცეს. ამიტომ სანამ დაფინანსებაზე დაიწყებთ მუშაობას, საკუთარი რესურსების შეფასებას დაუთმეთ დრო. 

სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი,  დაფინანსებაზე ფიქრს ვიწყებთ როდესაც:

  • კარგად ჩამოვაყალიბებთ ბიზნეს იდეას, ფოკუსირებას მოვახდენთ პროდუქტზე რომელიც უნდა შევქმნათ 
  • გავაკეთებთ ბაზრის ანალიზს და შევისწავლით პოტენციურ მომხმარებლებს
  • შევაფასებთ ჩვენს რესურსებს, რომლებიც შესაძლოა ბიზნესის დაწყებაში გამოგვადგეს (იგულისხმება როგორც მატერიალური, ისე გონებრივი რესურსები) 
  • შევადგენთ დეტალურ ბიუჯეტს და დავითვლით საწყის ეტაპზე საჭირო ინვესტიციის მოცულობას
  • დავფიქრდებით სად შეიძლება ინვესტიციის მოზიდვა, გავეცნობით შესაბამის საგრანტო კონკურსებს, საბანკო შეთავაზებებს, დავინტერესდებით კერძო ინვესტორებთან ურთიერთობით და მოკლედ ყველა გზას შევისწავლით იმისათვის, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ

ამ მოკლე, თუმცა რთული ნაბიჯების გავლის შემდეგ აუცილებლად გახსოვდეთ, რომ დაფინანსების მოპოვებამდე აუცილებლად იჯერეთ თქვენი იდეის, დარწმუნებული იყავით საკუთარ თავში და წამოწყებაში,  ბიზნესში ყველაფერი ხომ თავდაჯერებულობით იწყება.