Spark

ინფლუენს მარკეტინგი

ინფლუენს მარკეტინგი და მისი უპირატესობები

ინფლუენს მარკეტინგი პროდუქციის გაყიდვის პროცესში ინფლუენსერების ჩართვას გულისხმობს.

ვინ არიან ინფლუენსერები?

ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალა და ავტორიტეტი, გავლენა იქონიონ სხვა ადამიანების გადწყვეტილებაზე კონკრეტული ნივთის შეძენისას. მათ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი, ისტორია, ან ვიდეო ხშირად უფრო ეფექტიანია გაყიდვების ზრდის თვალსაზრისით, ვიდრე ტრადიციული რეკლამა. ამიტომაც, თნამედროვე მარკეტერები თავიანთ სტრატეგიასა და ბიუჯეტში მნიშვნელოვან ადგილს ამ ტიპის მარკეტინგულ კამპანიებს უთმობენ. 

რატომ იქცა ინფლუენს მარკეტინგი გაყიდვების უმძლავრეს იარაღად? მილენიალების თაობა ფაქტობრივად ციფრულ სამყაროში ცხოვრობს, ისინი დროის უმეტეს ნაწილს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ატარებენ, ნივთებს ინტერნეტის მეშვეობით ეძებენ და ყიდულობენ. მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ტრადიციული რეკლამა ვეღარ მოახდენს. გარდა ამისა, ინფლუენს მარკეტინგი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს შედარებით მცირე დანახარჯებით გავიდნენ უფრო დიდ აუდიტორიაზე და მათი გზავნილიც უფრო ეფექტიანი იყოს. 

ინფლუენსერებს რამდენიმე ტიპად ყოფენ. ეს შესაძლოა იყოს მათი გამომწერების რაოდენობის  ან მათი სპეციალიზაციის მიხედვით. 

ინფლუენსერებს, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული ნიშა. მაგალითად, მათი კონტენტი შეეხებოდეს მხოლოდ კულინარიას, მოდას ან სილამაზის სფეროს. არსებობენ ინფლუენსერები, რომლებიც პროფესიულ კონტენტს ქმნიან. მაგალითად, აქვთ ბლოგები მხოლოდ მარკეტინგზე, ჟურნალისტიკაზე და სხვა. მათი აუდიტორია არც ისე დიდია, თუმცა ვიწროდ სპეციალიზებული სამიზნე აუდიტორიაა, რაც კარგი შესაძლებლობაა იმ კომპანიისთვის, რომელსაც კონკრეტული სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მოზიდვა სურს. 

მიმდევრების რაოდენობის მიხედვით არსებობენ სელებრითები და მეგა ინფლუენსერები, რომელთა გამომწერების რიცხვი შესაძლოა მილიონსაც აღემატებოდეს.

სელებრითები არიან ადამიანები, რომლებმაც ონლაინის მიღმა მოიპოვეს პოპულარობა, არიან ცნობილი მომღერლები, მსახიობები თუ სხვ. 

მეგა ინფლუენსერები კი ცნობილები სოციალური ქსელის მეშვეობით გახდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინფლუენსერი კაილი ჯენერია, რომელმაც პოპულარობა სწორედ ინსტაგრამის მეშვეობით მოიპოვა. მას სელებრითებს ვერ მივაკუთვნებთ, არც მომღერალია, არც მსახიობი და არც რაიმე სხვა დამსახურება აქვს. მართალია, კარდაშიანების ოჯახის წევრია და მონაწილეობას იღებდა მათ საოჯახო რეალითი შოუში, თუმცა, რეალურად, ცნობილი და გავლენიანი იგი ინსტაგრამმა გახადა. დღესდღეობით მას ინსტაგრამზე 176 მილიონი გამომწერი ჰყავს. სწორედ ინსტაგრამის მეშვეობით გახადა კაილიმ წარმატებული თავისი კოსმეტიკური ბრენდი ,,kylie cosmetics”  და 21 წლის ასაკში ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დამოუკიდებლად გამდიდრებული მილიარდერი გახდა. 

ცხადია, ყველა კაილი ჯენერის მასშტაბის ინფლუენსერი ვერ იქნება. არსებობენ მიკრო და ნანოიფლუენსერები, რომელთა გამომწერების რიცხვი 1000-დან 100 000-მდე მერყეობს.  შესაძლოა, საშუალო და მცირე ბიზნესების მარკეტინგულ კამპანიებში, მეგა ინფლუენსერებზე მეტად, მიკრო და ნანო იფლუენსერების ჩართვა უფრო ეფექტური იყოს.  ადამიანების უმეტესობისთვის სელებრითების მიერ გარეკლამებული პროდუქცია მიუწვდომლად გამოიყურება, ხოლო, თუკი კომპანიებს რეკლამას ნანო ინფლუენსერები გაუწევენ, ეს შექმნის განცდას, რომ კონკრეტული ნივთი თუ მომსახურება საშუალო სტატისტიკური ადამინისთვისაც ხელმისაწვდომია.

მარკეტინგული კამპანიის მსგავსად, ინფლუენსერ მარკეტინგული  კამპანიის დაგეგმვის დროსაც საჭიროა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მიზანი. უმეტესწილად, ეს არის ბრენდის ცნობადობის გაზრდა და გაყიდვების სტიმულირება.  მას შემდეგ, რაც გადავწყვეტთ, რომელ სოციალურ ქსელში გვსურს ჩვენი პროდუქციის განთავსება,  უნდა მოვიძიოთ, ვინ არის ყველაზე რელევანტური ინფლუენსერი, რომელსაც დავუკავშირებთ ჩვენი ბრენდის სახელს. რამდენად შეესაბამება და გამოხატავს იგი ჩვენი კომპანიის მახასიათებლებს. რა ტიპის აუდიტორია ჰყავს; შეესაბამება თუ არა ჩვენს სამიზნე აუდიტორიას;  მისაღებია თუ არა მისი საკომუნიკაციო ენა ჩვენთვის და სხვა. 

ინფლუენსერთან თანამშრომლობის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ იგი მონაწილეობას იღებს ჩვენი სარეკლამო კონტენტის შექმნაში ან მთლიანად თავად ქმნის მას, რაც კიდევ უფრო უმარტივებს საქმეს კომპანიას. ხშირად ინფლუენსერების შექმნილი კონტენტი უფრო კრეატიული და ეფექტიანია, რადგან მან უკეთ იცის, როგორ ესაუბროს საკუთარ აუდიტორიას. 

რა შეიძლება შესთავაზოთ ინფლუენსერებს თქვენი პროდუქციის რეკლამირების სანაცვლოდ გარდა ფულადი ანაზღაურებისა?   

1. ინფლუენსერები დაპატიჟეთ თქვენ მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე, კონფერენციებსა თუ წვეულებებზე. ეს კარგი საშუალებაა, იმისა რომ, პირველ რიგში, მათ გაგიცნონ, და, ასევე, თქვენი კომპანია გამოჩნდეს მათ სთორებსა თუ ფოტოებში, რომლებსაც თქვენს ღონისძიებაზე გადაიღებენ.

2. თუკი რაიმე პროდუქციას ყიდით, შეგიძლიათ, მათ საჩუქრად გაუგზავნოთ და სთხოვოთ, სოციალურ ქსელში შეაფასონ, რამდენდ მოეწონათ თქვენ მიერ გაგზავნილი საჩუქარი. დიდი ალბათობით, თქვენი კომპანია ამ ინფლუენსერის სთორებში მაინც მოხვდება. 

3. შესთავაზეთ წილი გაყიდვებიდან. თუკი მომხმარებელმა ინფლუენსერის მიერ გაზიარებული ლინკით შეიძინა თქვენი პროდუქტი, აქედან მიღებული შემოსავლიდან გარკვეული პროცენტი ინფლუენსერს ერგება.  

ინფლუენსერთან თანამშრომლობა, როგორც წესი, ერთჯერად აქტივობას გულისხობს. თუკი ინფლუენსერი თქვენი კომპანიის სტილს შეესებამება, გირჩევთ, ის თქვენი ბრენდის ამბასადორი გახადოთ, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას და თქვენი ბიზნესის წარმატებას ნიშნავს.  

ინფლუენსერ მარკეტინგი მომავალში კიდევ უფრო ეფექტური მიმართულება გახდება, რადგან სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ფეხი ავუწყოთ ციფრული სამყაროს ტრენდებს და ყოველი ახალი პლატფორმა აღვიქვათ, როგორც იარაღი გაყიდვების სტიმულირებისთვის. 

კონტრიბუტორი: ქეთევან ასლანიშვილი