Categories
ბლოგი

ლიდერის როლი ბიზნესის განვითარებაში

გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბიზნესის წამოწყება ნებისმიერ ჩვენგანს ლიდერად აყალიბებს – კონკრეტული იდეისგან ვქმნით პროდუქტს, ვადგენთ ბიზნესის განვითარების გეგმას, ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს მხოლოდ მცირედია, რასაც ლიდერი აკეთებს. ბიზნეს სფეროში ლიდერის როლი მხოლოდ კომპანიის მართვით არ შემოიფარგლება, ლიდერობა კომპლექსური უნარია, რომელიც გამოცდილების შედეგად ყალიბდება.

ინიციატივის გამოჩენა, ჯგუფის მოტივირება და ზოგადად, ღირებული საქმის კეთება მრავალი მიმართულებით შეიძლება, შესაბამისად, კითხვაზე თუ რომელი ტიპის ლიდერი უნდა ვიყოთ, უნივერსალური პასუხი არ არსებობს. თუმცა, ვიცით როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი, რომლის საქმიანობაც ნებისმიერ კომპანიას წარმატებას მოუტანს.

ხშირი კონტაქტი კომპანიის თანამშრომლებთან

ბიზნესის წარმატებისთვის, საჭიროა დავივიწყოთ კომპანიის ლიდერსა და რიგით თანამშრომლებს შორის ტრადიცუილი უფროს-უმცროსული დამოკიდებულება. ბიზნესის თითოეულ გამოწვევასა და პრობლემაზე თანამშრომლებთან ღიად საუბარი, მნიშვნელოვნად დაეხმარება მის განვითარებას.

ნებისმიერი ბიზნესი საბოლოოდ თანამშრომლებამდე დადის, რომლებზეც უაშუალოდ დამოკიდებულია კომპანიის წარმატება თუ წარუმატებლობა. თითოეული პრობლემის ღიად განხილვა, ზრდის ერთმანეთისადმი ნდობას და ამცირებს მარცხისა და შეცდომის დაშვების შიშს, ვინაიდან თანამშრომლებს შორის არსებობს მოლოდინი, რომ მათ ლიდერი ყოველთვის მხარდაჭერას გამოუცხადებს.

მოტივაცია

თითოეულ დეტალზე ღიად საუბარი, სამუშაო სივრცეში ნდობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გუნდის წევრების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას ემსახურება. ამ შემთხვევაში, ლიდერის მოვალეობაა მსგავსი დეტალები დროულად დააფიქსიროს და საკუთარი თანამშრომლების ძლიერი მხარეები წინ წამოწიოს, მისცეს მათ მეტი განვითარების შესაძლებლობა და შესაბამისი პასუხისმგებლობები. ეს სამუშაო სივრცეში მოტივაციის პარალელურად, ზრდის კომპანიის წარმატებასაც.

ბიზნესის წარმატებისთვის, აგრეთვე მნიშვნელოვანია თავად ლიდერის მოტივაციაც. თუკი, კომპანიის მართვა უბრალო სამსახურად განიხილება, ეს აუცილებლად აისახება მის წარმატებაზეც. შესაბამისად საჭიროა კონკრეტული ხედვა და კონკრეტული მიზნები, რომლითაც ლიდერი სხვებს გაუძღვება.

რეალური მოლოდინები და მიზნები

ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის, ლიდერი ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას, რომლის წარმატებულობასაც შემდგომში ბაზარი ამტკიცებს. ტიპიური, მოძველებული, ბიზნეს სტრატეგიისგან, რომელიც მხოლოდ საბოლოო მიზანზე ორიენტირდება, თანამედროვეობა გვთავაზობს, პირველ რიგში, თანამშრომლებზე კონცენტრირებას.

სწორედ თანამშრომლები განაპირობებენ ნებისმიერი ბიზნეს სტრატეგიის შესრულებას და შესაბამისად, გეგმის შედგენისას, ლიდერმა საჭიროა გაითვალისწინოს მათი შეხედულებები და არ შეუშინდეს ინოვაციურ იდეებს.

ლიდერმა უნდა შეიმუშავოს ხედვა, რომლითაც იგი სხვებს შთააგონებს, კონკრეტული ბიზნეს გეგმა, რომელსაც დანარჩენი თანამშრომლები გაჰყვებიან და საბოლოო მიზანი, რომელსაც ისინი ერთად მიაღწევენ.

ბიზნეს გარემოში, ლიდერის მოვალეობაა შექმანს ისეთი სამუშაო სივრცე, რომელშიც მოტივირებული ინდივიდები კარიერულ წინსვლას, პროფესიული გამოცდილების მიღებასა და წარმატების მიღწევას შეძლებენ. კარგი ლიდერი თითოეულ სიტუაციას დეტალურად უნდა აანალიზებდეს და თითოეული პრობლემისთვის კონკრეტულ გადაჭრის გზას უნდა ეძებდეს, რადგანაც სწორედ მისი ქმედებები განაპირობებს ბიზნესის მომავალ წარმატებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *