Spark

მარკეტინგი და PR

მარკეტინგული შეცდომები, რომლებმაც გიგანტი კომპანიების არსებობაც კი საფრთხის ქვეშ დააყენა

მარკეტინგული შეცდომები, რომლებმაც გიგანტი კომპანიების არსებობაც კი საფრთხის ქვეშ დააყენა

ბევრი ადამიანისთვის მარკეტინგი, ერთი შეხედვით, მარტივ მიმათულებად მიიჩნევა, მაგრამ, რეალურად, ეს ასე არ არის. მარკეტინგი მოიცავს ბიზნესისა და კომპანიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან დეტალს: პროდუქტს, მომსახურებას, ფასს, ადგილმდებარეობას, ლოჯისტიკას და პრომოუშენს. ეს ყოველივე კი ერთიანდება მარკეტინგულ მიქსში.  ამიტომაც მარკეტოლოგებს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ და დიდი შრომის გაწევაც უწევთ.

მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე მაქსიმალურად უშეცდომოდ აკეთონ, ინტენსიურად იკვლევენ ბაზრის იმისთვის, რომ ხშირად შეუმჩნეველი, თუმცა, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი დეტალები ყურადღების მიღმა არ დარჩეთ. მიუხედავად ამისა, ბიზნესის წარმოების ისტორიის მანძილზე მარკეტინგული შეცდომის ბევრი მაგალითი არსებობს, რომლებმაც დიდი ზარალი მიაყენა უამრავ, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ კომპანიას, ზოგიერთისათვის კი საბედისწეროც აღმოჩნდა. ამ ბლოგში სწორედ მსგავს კამპანიებზე ვისაუბრებთ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ბევრი შეცდომა კულტურულად განსხვავებულ ქვეყნებში ვაჭრობის დროს ხდება. მართლაც, საერთაშორისო ვაჭრობას თან მრავალი პრობლემა ახლავს, მაგალითად ენობრივი ბარიერი, სხვადასხვა ერის ტრადიციები, შეხედულებები, განსხვავებული სამართლებრივი კანონები, ბიზნეს რეგულაციები და ა.შ.

კულტურული ჩვეულებების განსხვავებულობის გაუთვალისწინებლობის გამო ბევრ, საკმაოდ ცნობილ კომპანიას დაუშვია შეცდომა. მაგალითად, კოკა-კოლას, რომლის რეკლამაც რამდენიმე ფოტოსგან შედგებოდა და შემდეგ შინაარსს ატარებდა:

1.     ადამიანი ცხელ მზიან უდაბნოში ძალიან დაღლილია

2.     სვამს კოკა-კოლას

3.     ემატება ენერგია და მირბის.

აღნიშნული რეკლამა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია ჩვენთვის, მაგრამ არა არაბებისათვის. იმის გამო, რომ არაბული ტექსტები განსხვავებულად, მარჯვნიდან-მარცხნივ იკითხება, არაბულენოვანებმა რეკლამა სრულიად საპირისპირო მნიშვნელობით გაიგეს და რეკლამაც სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა-მკვეთრად დაეცა აღნიშნული გამაგრილებელი სასმელის გაყიდვები.

ასევე, მნიშვნელოვანია მარკეტოლოგებმა გაითვალისწინონ სიტყვების განსხვავებული მნიშვნელობები სხვადასხვა ენაში. ამ ფაქტორის მიმართ უყურადღებობის ფონზე შეცდომა დაუშვა კომპანია შევროლეტმა, როცა გამოუშვა ახალი ავტომანქანა, სახელწოდებით შევროლეტ ნოვა (Chervolet Nova). სიტყვის Nova ესპანური მნიშვნელობაა „არ წახვიდე“. შესაბამისად მანქანა, რომელიც გადასაადგილებლად იყო საჭირო ესპანელებს ადგილზე დარჩენისკენ მოუწოდებდა.

როგორც აღინიშნა, მარკეტელოგებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თითოეულ, თუნდაც მცირე დეტალს, რათა უკეთ გაიაზრონ, თუ როგორ და რა სახით უნდა წარმოაჩინონ ის.

ტექნიკის მწარმებელმა კომპანია Sony-მ 2006 წელს ახალი პროდუქტის წარსადგენად არასწორი მიდგომა აირჩია, რის გამოც ბევრმა ადამიანმა კომპანიას რასიზმში დასდო ბრალი და პოტენციურ მყიდველებს ბრენდის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბა. ბანერი რეალურად ასახავდა იმას, რომ უკვე შესაძლო იყო სონის PSP-ის თეთრ ფერში შეძენა, მაგრამ იმის გამო, რომ ბანერში თეთრკანიანის მხრიდან ფერადკანიანზე ერთგვარი ძალადობის, ჩაგვრის სცენა იყო გამოსახული, რაც რასიზმთან ასოცირდებოდა, კომპანიამ ეს კამპანია გააუქმა.

ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის H&M-ის 2018 წლის საბავშვო კოლექციას, ისევ და ისევ ფერადკანიანთა შეურაცხყოფის თემის გარშემო. ამ შემთხვევაშიც კომპანია დაადანაშაულეს რასიზმში, რადგან მაისური წარწერით „Coolest Monkey in the Jungle” ეცვა შავკანიან მოდელ ბავშვს. ამ ფოტომ საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია სოციალურ ქსელში, შედეგად ბევრმა ონლაინ მაღაზიამ შეწყვიტა ამ მაისურების გაყიდვა, საბოლოოდ კი კომპანიამ პროდუქტი გაყიდვებიდან მოხსნა. რეალურად, არც ერთ კომპანიას არ ჰქონდა განზრახული გაეკეთებინა რასისტული განცხადება, თუმცა სწორედ მარკეტოლოგების უყურადღებობის გამო კომპანიამ საკმაოდ დიდი თანხა იზარალა და, ამავდროულად, მომხმარებლის ნეგატიური დამოკიდებულებაც მიიღო, რაც ნამდვილად არასასურველია ნებისმიერი ბრენდისთვის.

 

როგორც ვიცით, ახალი პროდუქტის წარმოებაც სწორედ მარკეტინგს უკავშირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ახალ პროდუქტთან დაკავშირებით თითოეული დეტალის გათვლა, რამდენად შეესაბამება კომპანიას სტრატეგიებსა და მიზნებს, არის თუ არა მოთხოვნადი და მისაღები მომხმარებელთა კონკრეტული ჯგუფისთვის და სხვა.

სიახლეები მომხმარებლისათვის, როგორც წესი, მისაღებია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ახალი პროდუქტის წარუმატებლობა მთლიანი კომპანიის წარუმატებლობას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, მსგავს შეცდომებს ახალ პროდუქტთან დაკავშირებით ისეთი დიდი კომპანიებიც უშვებენ როგორიცაა McDonald’s, ალბათ ბევრს გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე ყველასთვის ნაცნობი რესტორანი ერთ დროს აწარმოებდა ჰოთდოგებს, სპაგეტის, ჰულა ბურგერს ანანასით, Arch Deluxe ბურგერს, რომელიც, კონცეფციის მიხედვით, ზრდასრულებისთვის იყო განკუთვნილი.

სამწუხაროდ, არც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა პროდუქტმა არ გაამართლა და კომპანიამაც იზარალა. პრობლემას კი ის წარმოადგენდა, რომ კომპანია კონცენტრირდა იმაზე, თუ როგორ გაიტანდა ახალ პროდუქტს ბაზარზე და გამორჩათ ყველაზე მნიშვნელოვანი: დაედგინათ, მართლა სჭირდებოდა თუ არა მომხმარებელს ახალი პროდუქცია.

საბოლოოდ,  ჩვენ დავინახეთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს მათ შორის გიგანტი და გამოცდილი კომპანიებიც, მთავარია ისეთი შეცდომა არ დავუშვათ, რომელსაც კომპანიის ფინანსურ მხარეზე მკვეთრად ნეგატიური გავლენა ექნება, ან მეტიც, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. ამისათვის კი საუკეთესო გზაა, ვისწავლოთ სხვა, კომპანიების შეცდომებზე და ამ შეცდომათა მიზეზების შესწავლა ჩვენი წარმატებისთვის გამოვიყენოთ.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ახალი ნაბიჯების გადადგმისას გავითვალისწინოთ კომპანიის სტრატეგიები, კონცეფცია, სამიზნე კონტიგენტი, კულტურა და ა.შ. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კომპანიის საერთო მიზეზებიდან გამომდინარე და კომპანია განხილულ უნდა იყოს, როგორც ერთი მთლიანობა.

ასევე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისეთი გარე ფაქტორები, როგორიცაა მომხმარებლის და ზოგადად საზოგადოების  დამოკიდებულება და სურვილები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სიტყვა, თუ კადრი დიდი სიფრთხილით იყოს შერჩეული და რეკლამა სწორად იყოს გათვლილი თითოეული მომხმარებელზე, რათა მან შეასრულოს მისი მთავარი „მოვალეობა“-მოიპოვოს მომხმარებლის დადებითი განწყობა, გაზარდოს კომპანიის გაყიდვები და ხელი შეუწყოს მის მომავალ წარმატებას.

კონტრიბუტორი: თათია ჭიკაძე