Spark

ნეირომარკეტინგი

როგორ იყენებს მარკეტინგი ნეირომეცნიერებას ანუ რას ნიშნავს ნეირო მარკეტინგი ?

ნებისმიერი მარკეტოლოგისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა სურს მომხმარებელს, შეაღწიოს მის ტვინში და გაიგოს, როგორ შექმნას მათთვის საუკეთესო ფასეულობა.

მარკეტინგი ხომ სწორედ მომხმარებლის საჭიროებების დადგენას და მათ დაკმაყოფილებას გულისხმობს, სწორედ ამიტომ, მარკეტინგის განვითარების ეტაპებზე ის უფრო დაუახლოვდა ფსიქოლოგიას და წარმოიშვა  ახალი დარგი – ნეირომარკეტინგი.

ნეირომარკეტინგის მიზანია, გაიგოს, როგორ მოახდინოს გავლენა მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მათი ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის თავისებურებების გათვალისწინებით.  იგი ეხმარება კომპანიებს და მარკეტოლოგებს კონტენტის, ვებ-გვერდების, რეკლამებისა თუ პროდუქტის შეფუთვის იმგვარად აწყობაში, რომ მომხმარებელს უბიძგოს მათი პროდუქტის/მომსახურების შეძენისაკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეირომარკეტინგი ეხმარება ბიზნესს, განვითარდეს კონკურენტულ ბაზარზე, თანაც რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით.

საჭიროა მომხმარებლის ქვეცნობიერის შეცნობა და იმის დადგენა, თუ როგორ და რა გზებით არის შესაძლებელი აუდიტორიის ყურადღების მიქცევა და დარწმუნება, შეიძინონ პროდუქტი/მომსახურება.

ნეირომარკეტინგის წარმოშობის აუცილებლობა გამოიწვია ციფრული სამყაროს განვითარებამ და სარეკლამო საშუალებების კრიზისმა, ნეირომარკეტინგი უმეტესად უკავშირდება კვლევებს და ექსპერიმენტებს, რომელიც დღესდღეობით მრავალი ახალი ტექნოლოგიის საშუალებით ხორციელდება, როგორიცაა fMRA (functional Magnetic Resonance Imaging), მისი საშუალებით ხდება ადამიანის ტვინის სკანირება, შემდეგია ტვინის აქტივობის გამოვლენა, ​მომცემულ მომენტში. მაგალითად, როგორც ცნობილია, თავის ტვინის მარცხენა ჰემისფერო აკონტროლებს მარჯვენა მხედველობით ველს, ხოლო მარჯვენა ჰემისფერო ორივე მხედველობით ველს, კვლევებმა კი აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე გარკვეულ თავისებურებასთან, რომლის თანახმადაც ადამიანი პირველად ყურადღებას აქცევს მარცხენა მხედველობითი ველით აღქმულ ობიექტებს. ეს ინფორმაცია ნეირომარკეტინგში საკმაოდ პროდუქტიულად იქნა გამოყენებული, კერძოდ დადგინდა, რომ რეკლამირების დროს მთავარი აზრი, ლოზუნგი უმჯობესია მარცხენა მხარეს იყოს მოთავსებული, თუ გვსურს, რომ მომხმარებლებმა პირველ რიგში მას მიაქციონ ყურადღება. შესაბამისად, მარკეტერებმა, რომლებიც იცნობენ ნეირომარკეტინგის სფეროს, კარგად იციან თუ როგორ, სად და რომელი დიზაინით  გააკეთონ უფრო ეფექტური რეკლამები.

კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც ნეირომარკეტინგს უკავშირდება, იყო ფერებისა და შეფუთვის შერჩევა. ექსპერიმენტის შედეგით გამოიკვლიეს, რომ მომხმარებელს ნაკლებად იზიდავს პრიალა ქაღალდში შეფუთული პროდუქტი, მართლაც კომპანია Frito-Lay-მ თავისი შეფუთვის დიზაინი შეცვალა, მას შემდეგ, რაც ნეირომარკეტინგის გამოყენება დაიწყო. რაც შეეხება ფერებს, როგორც ცნობილია, სხვადასხვა ფერი განსხვავებულ ემოციებს აღძრავს, მაგალითად ლურჯი ნდობის ფერია, წითელი კი „აღმაფრთოვანებელი“. ფერებთან დაკავშირებით ნეირომარკეტინგი საუკეთესოდ გამოიყენა „კოკა-კოლამ“, მან თავისი ბრენდის ფერად აირჩია წითელი და დღემდე წითელი ფერი ყოველთვის ამ პროდუქტთან ასოცირდება.

როგორც აღმოჩნდა, ნეირომარკეტინგი თანამედროვე ციფრულ სამყაროში მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში, კერძოდ მისი ყველაზე გამორჩეული მხარე ისაა, რომ ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, იგი აძლევს შესაძლებლობას კომპანიებს წინასწარ დაადგინონ ხალხის რეაქცია ახალ პროდუქტთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ნეირომარკეტინგსაც გააჩნია გარკვეული უარყოფითი მხარეები, კერძოდ ბოლომდე არ არის გარკვეული მისი ეთიკური მხარე, რადგან ამ დროს ფაქტობრივად მარკეტერები და ფსიქოლოგები მომხმარებლის ტვინში „დაძვრებიან“ და იმ ინფორმაციას იღებენ, რაც შესაძლოა თვითონ მომხმარებელმაც არ იცოდეს. ასევე, არის საშიშროება, რომ ნეირომარკეტინგი გახდეს მანიპულაციის საშუალება, რაც არცერთი მომხმარებლისთვის არ იქნება სასიამოვნო.

ამრიგად, მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა ნეირომარკეტინგი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენაა, რადგან ერთმანეთს დაუკავშირდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო: მარკეტინგი და ფსიქოლოგია, რაც მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის,  მეცნიერების აღმავლობის საუკუნეში.

კონტრიბუტორი: თათია ჭიკაძე