Spark

SEO

Რა არის SEO და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის?

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის არსებობა ვებგვერდის გარეშე თითქმის წარმოუდგენელი ხდება. თუკი ციფრულ სამყაროში სათანადოდ არ ხარ წარმოჩენილი, შენი მომავალი განწირულია. ეს ეხება როგორც მსხვილ ბიზნესკორპორაციებს, ისე მცირე მეწარმეებს. 

ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მიმართავს საძიებო სისტემებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მნიშვნელოვანია, რომ შენი ბიზნესისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია ამ ადამიანებისთვის არამხოლოდ ხელმისაწვდომი იყოს, არამედ საძიებო სისტემაში ძიებისას პირველივე გვერდზე გამოჩნდეს. სხვა შემთხვევაში, შენი პროდუქცია ინტერნეტში ,,დაიკარგება” და პოტენციურ მყიდველამდე ვერ მიაღწევს. 

 

სწორედ ამისათვის არის საჭირო ვებგვერდისა და, შესაბამისად, მისი კონტენტის seo ოპტიმიზაცია, რაც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ნიშნავს (seo – search engine optimisation). 

 

google ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი საძიებო სისტემაა. ძიებების 90% სწორედ google-ის მეშვეობით ხორციელდება. შესაბამისად, seo ოპტიმიზაციას აღნიშნული საძიებო სისტემის მაგალითზე განვიხილავთ. 

 

 

google-ში ძიების შედეგების ჩვენებისას, პირველ 2-3 შედეგს ხშირად რეკლამა წარმოადგენს, ხოლო  დანარჩენ სივრცეს სხვა, ყველაზე რელევანტურ ვებსაიტებს უთმობს. ამას ეწოდება ე.წ. ორგანული შედეგი (organic results). სტატისტიკის მიხედვით, ამ შედეგებიდან (გარდა რეკლამისა), ვიზიტორთა რაოდენობა პროცენტულად ასე ნაწილდება:

 

1-ლი ადგილი  – ვიზიტორთა 35-40%

მე-2 ადგილი – ვიზიტორთა 15-20%

 

მე-3 ადგილი – ვიზიტორთა 10%. 

 

შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ვებსაიტი, სულ მცირე, ამ სამეულს შორის მოხვდეს. 

 

საძიებო სისტემები შედეგებს გარკვეული ალგორითმის მიხედვით გვიჩვენებენ.  საძიებო სისტემების მიხედვით (google, yahoo, yandex, bing), შესაძლოა, ეს ალგორითმი მცირედ განსხვავდებოდეს, თუმცა პრინციპი მაინც ერთია. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი ტიპის seo:  on – page seo და off-page seo.

on-page seo-ზე მუშაობისას უნდა გავმართოთ ის ელემენტები, რომლებიც უშუალოდ  საიტზე გვაქვს. მაგალითად: შინაარსი/კონტენტი, keyword-ები, სურათის აღწერები, თეგები, შიდა ლინკები, meta title, url და სხვ. ტექნიკური მახასიათებლები. შეიძლება ითქვას, on-page seo  სამართავად უფრო მარტივია, რადგან ვებსაიტს შენ აკონტროლებ, შესაბამისად, შეგიძლია, ნებისმიერ დროს შეიტანო სასურველი ცვლილებები. 

off-page seo კი მოიცავს ე.წ. backlink-ებს, ანუ რამდენად ლინკავენ შენს საიტს/კონტენტს ადამიანები თავიანთ ვებგვერდებზე, სოციალურ მედიაში, ფორუმებზე და ა.შ. off-page seo შედარებით ნაკლებად არის შენი კონტროლის ქვეშ,  რადგან ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხარ სხვა ადამიანების კეთილ ნებაზე, რამდენად ჩათვლიან ღირსად შენს კონტენტს, რომ გააზიარონ. ამ პრობლემას ღირებული და რელევანტური შინაარსის შეთავაზება მოხსნის. 

საძიებო სისტემები განუწყვეტლივ ვითარდებიან და უფრო მეტ ინფორმაციას ფილტრავენ, რათა უკეთესი შედეგები უჩვენონ მაძიებლებს. 

საძიებო სისტემებს შეუძლიათ განსაზღვრონ იმ ადამიანის ადგილმდებარეობა, რომელიც კონკრეტულ პროდუქტსა თუ სერვისს ინტერნეტის მეშვეობით ეძებს.  მაგალითად, თუკი  იმყოფებით თბილისში და google-ში ეძებთ ყვავილების მაღაზიას, ძიების შედეგად საძიებო სისტემა შემოგთავაზებთ თბილისში არსებულ ყვავილების მაღაზიებს, და არა, მაგალითად, ნიუ-იორკში არსებულს. 

საძიებო სისტემა, ასევე, განსაზღვრავს რომელ დივაისებს იყენებთ. დივაისების მეშვეობით საძიებო სისტემა უკვე ფლობს გარკვეულ ინფორმაციას თქვენზე და თქვენს ინტერესებზე, ეს კი  საშუალებას აძლევს, შემოგთავაზოთ ძიების გაცილებით რელევანტური შედეგები. 

seo-ზე მუშაობისას ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საძიებო ფრაზების, ე.წ. keyword-ების სწორად განსაზღვრაა. keyword არის საკვანძო სიტყვა, რომელიც ზუსტად აღწერს ჩვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას. სწორედ ამ საკვანძო სიტყვების მეშვეობით ეძებენ მომხმარებლები ჩვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციას. აუცილებელია, რომ აღნიშნული keyword-ები გამოვიყენოთ ჩვენი საიტის კონტენტში, სათაურებსა თუ აღწერებში. 

 

keyword-ების მოძიება შესაძლებელია ისეთი პლატფორმის მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, google keyword planner-ი. აქ შეგვიძლია ვნახოთ, რომელი სიტყვებითა თუ ფრაზებით ეძებენ ყველაზე ხშირად მომხმარებლები ჩვენი ტიპის პროდუქტსა თუ მომსახურებას. საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის დროს რელევანტური keyword-ის არჩევა არის თქვენი ვებსაიტის წარმატების საფუძველი.

 

უნდა დავრწმუნდეთ, რომ კონკრეტულ keyword-ზე თუკი გადმოვა მომხმარებელი, მას ადეკვატურ კონტენტს ვთავაზობთ, სხვა შემთხვევაში იგი უბრალოდ გავა ჩვენი საიტიდან.

გახსოვდეთ ოქროს წესი:  თქვენი საიტი დამზადებულია ადამიანებისთვის და არა –  საძიებო სისტემებისთვის. 

ნუ დაამატებთ ზედმეტ keyword-ებს ან მათ ვარიაციებს თქვენს საიტს. მათ გამოყენებას საჭიროების გარეშე ეწოდება “keyword stuffing”, რაც ეწინააღმდეგება საძიებო სისტემების პოლიტიკას.  

საკვანძო სიტყვების/ფრაზების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მათი გამოყენების:  სიხშირე, კონკურენტულობა და რელევანტურობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმატებით შეძლებთ საიტის ოპტიმიზაციას. 

seo-ზე მუშაობა არასოდეს მთავრდება, ეს განახლებადი პროცესია. მომხმარებლებმა შესაძლოა შეიცვალონ ქცევა და, შესაბამისად, საძიებო სისტემებმაც შეცვალონ ალგორითმი. ჩვენი ამოცანაა განვსაზღვროთ, როგორ იმოქმედებს ცვლილებები ჩვენს საიტზე. 

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მუდმივად მოვხვდეთ საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციებზე? 

 

  • შევისწავლოთ, როგორ მუშაობს საძებო სისტემა
  • ავუწყოთ ფეხი სიახლეებს.

მაგალითად, დღეს მნიშვნელოვანია, რომ საიტი იყოს მობილურზე მორგებული ( mobile-friendly), რადგან ყოველდღიურობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს სმარტფონს, ვიდრე კომპიუტერს.  

თვალი ვადევნოთ სხვა, კონკურენტი ბიზნესების საიტებს.

ხომ არ სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს  უფასო მიწოდების სერვისს? რამდენად აქტიურები არიან სოციალურ მედიაში? ხშირად ანახლებენ თუ არა ვებსაიტს ფოტომასალით? ეს დაგვეხმარება, დავხვეწოთ ვებსაიტი და გავხდეთ კონკურენტუნარიანები. 

ვესაუბროთ ჩვენს მომხმარებლებს. მივიღოთ მათგან რჩევები. მათ უკეთ იციან, რა გამოგვრჩა საიტზე; მათგან შეგვიძლია გავიგოთ, რომელ პროდუქტს ან მომსახურებას ეძებენ, რომელ საკვანძო სიტყვებს იყენებენ ძიებისას და სხვა

კონტრიბუტორი: ქეთევან ასლანიშვილი