Categories
ბლოგი

თვითმოტივაციის 5 ხრიკი მეწარმეებისთვის

მოტივაცია პროცესია, რომელიც მიზნისკენ სწრაფვის დროს პიროვნების ინტენსიურობას, მიმართულებასა და შეუპოვრობას განაპირობებს. როგორც ვხედავთ, განსაზღვრება სამ მთავარ პრინციპს ეყრდნობა – ინტენსიურობა არის ის, თუ რამდენად ძლიერია ადამიანის მცდელობა, მიაღწიოს მიზანს; თუმცა მხოლოდ მაღალი ინტენსიურობა სასურველ შედეგებს, სავარაუდოდ, ვერ გამოიღებს, თუ მცდელობას კონკრეტული მიმართულებით არ მივმართავთ; შეუპოვრობა კი საზომია, რომელიც ადგენს, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ძალისხმევის შენარჩუნება.

მოტივაციის მრავალი თეორია არსებობს, მათ შორის, “სამეწარმეო მოტივაციაც”, რომლის თანახმადაც, ბიზნესს მყარ საფუძველს მეწარმის ვნება, ენთუზიაზმი და შეუპოვრობა უქმნის. ის, რომ დღეს ყველა სამეწარმეო საქმიანობა წარმატებას ვერ აღწევს, ხშირად მოტივაციის ნაკლებობით, შესაბამისად, მცდელობის დაბალი ინტენსიურობითა და ძალისხმევის შემცირებითაა გამოწვეული. მეწარმეობა შემოქმედებაა, რაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმით ინოვატორული ჩანაფიქრის განხორციელებას გულისხმობს. წარმატებული რეზულტატისთვის მხოლოდ განზრახვა არ არის საკმარისი, აუცილებელია იდეის მოქმედებაში მოყვანა, მისთვის მიმართულების მიცემა და მიზანმიმართული ქცევის ჩამოყალიბება. მოტივაცია კი მეწარმის განზრახვასა და ქცევას შორის არსებული ინტერვალის შემავსებელია.

ზოგადად, მოტივაციას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მოტივი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი. გარეგანი ფაქტორები მრავალგვარია: გავლენა, რომელიც მეწარმეზე მის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საზოგადოებას აქვს; რესურსების ხელმისაწვდომობა; ტექნოლოგიური განვითარება; ინოვაციისადმი მოთხოვნის დონე; ბიზნეს გარემო და სხვა. შინაგანი მოტივები გაცილებით კომპლექსურია და ის ინდივიდის საჭიროებებიდან, აღქმიდან გამომდინარეობს. ეს შეიძლება იყოს პიროვნების თვით-რეალიზაციის, პიროვნული განვითარების სურვილი; მეწარმისთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებები; მისი წარსული გამოცდილებები ან განათლების დონე და ა.შ. ცხადია, ადამიანის მიზნებს განსხვავებული მოტივები აყალიბებს. ასეა მეწარმეების შემთხვევაშიც – ინდივიდუალურია, თუ რა შეიძლება იქცეს მამოტივირებელ ძალად თითოეული მათგანისთვის.

რამდენადაც მოტივაციის შენარჩუნება ასეთი მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, გიზიარებთ 5 ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი საქმე ენთუზიაზმით აკეთოთ:

  1. იპოვეთ პირადი მნიშვნელობა ბიზნესის მშენებლობისას – ბიზნესის კეთებისას, უპირველესად, აუცილებელია პასუხის პოვნა კითხვაზე “რატომ?”, ანუ თქვენი აპრიორი მოტივის ამოცნობა. როდესაც მარკს ჰკითხეს, თუ რატომ შექმნა Facebook, მან განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი: შეექმნათ ღია ინფორმაციის ნაკადი ხალხისთვის. გაი კავასაკი წიგნში “The art of the Start” მეწარმეებს მოუწოდებს, რომ თავიანთ იდეებს აზრი, ღირებულება უპოვონ და გარდა მოგების მიღებისა, იფიქრონ საქმის მნიშვნელობით კეთებაზე.
  2. მიიღეთ სიამოვნება პროცესით და არამხოლოდ შედეგით – ზოგიერთი მეწარმე იმდენადაა ფოკუსირებული მხოლოდ გამარჯვებით, წარმატებული შედეგით განპირობებულ ემოციებზე, ხშირად ავიწყდებათ მთლიანი გამოცდილების, რეზულტატამდე მისასვლელი გზის, პროცესის მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად აუცილებელია, ყოველ წამს გიყვარდეს, რასაც აკეთებ. სტივ ჯობსმა თავის გამოსვლაში “როგორ იცხოვრო, სანამ მოკვდები” განაცხადა, რომ ერთადერთი გზა დიდი საქმის შესასრულებლად, არის გიყვარდეს ის, თუ რასაც აკეთებ.
  3. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა – მეწარმეობა საქმიანობაა, რომელიც მოითხოვს დაუოკებელ წყურვილს მუდმივი განვითარებისა. განსაკუთრებით დღევანდელ ცვალებად, სწრაფად პროგრესირებად თანამედროვეობაში მუდმივ მზაობაში უნდა იყო, ყოველივე ახალს გაეცნო და დაეწაფო, უფრო მეტად კი, თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც წარმატებული მეწარმეობისათვის საჭირო, ღირებულ თვისებებს სძენს ბიზნეს სუბიექტებს.
  4. დაისახეთ პერსონალური მიზნები – ხშირ შემთხვევაში, მეწარმეთა უმეტესობა ყურადღებას უფრო მეტად ამახვილებს ბიზნეს მიზნებზე, ვიდრე პერსონალურზე. რეალურად მნიშვნელოვანია, ორივეს თანაბარი დრო და ძალისხმევა დავუთმოთ. როცა პერსონალური და ბიზნეს მიზნები თანაკვეთაში მოექცევა, მოტივაცია მეტად იზრდება, მეტიც, ეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ შეუპოვრობა და მიზნისკენ სწრაფვა გავხადოთ გაცილებით გამომწვევი და საინტერესო.
  5. მეტი დრო გაატარეთ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მოტივაციის შენარჩუნებაში გეხმარებათ – ადამიანები ერთმანეთის გავლენის ქვეშ ვექცევით. უმეტესად, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხასიათი ექნება ამ გავლენას. ამიტომ გამონახეთ მეტი დრო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომელთაც დადებითი ზეგავლენა აქვთ თქვენზე, გეხმარებიან მოტივაციის ამაღლებაში და რომელთაგანაც ყოველთვის შეძლებთ რაიმე ახლის სწავლას. ასევე, არ დაგავიწყდეთ, ხშირად გაეცნოთ რეალურ ისტორიებს სხვადასხვა მეწარმის გამოცდილების, მათი სირთულეებთან გამკლავების სტრატეგიებისა თუ სამოტივაციო ტექნიკების შესახებ.

მეწარმის და ზოგადად, თანამედროვე ადამიანის წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციები უამრავი დაბრკოლების გადალახვით გამომუშავდება, მოტივაციის გარეშე კი რთულია, წარმატებამდე მისასვლელი გამოწვევებით აღსავსე გზა გაიარო. ბიზნესის წამოწყებისას კარგად დაფიქრდით, თუ რატომ აკეთებთ ამას, ამოიცანით თქვენი აპრიორი მოტივი და ეცადეთ, ყოველთვის გახსოვდეთ ის.

კონტრიბუტორი – თამარ ფანჩულიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *