Spark

ვებ გვერდი

რატომ არის საჭირო ვებ-გვერდი თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის?

დღევანდელ ციფრულ სამყაროში მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ინტერნეტი ისეთ ფუნდამენტურ რესურსად იქცა, როგორიც საკვები და წყალია. ინტერნტენტზე მზარდ მოთხოვნას კარგად ასახავს რიცხვებიც: თუ საუკუნის დასაწყისში ინტერნეტს მხოლოდ 400 მილიონი ადამიანი იყენებდა, დღეს უკვე ამ რიცხვმა 4 მილიარდს გადააჭარბა.

ინტერნეტი ბიზნესის და განსაკუთრებით მარკეტინგის განუყრელ ნაწილადაც იქცა.  მისი მრავალი ფუნქციიდან ერთ-ერთი, ყველაზე სარგებლიანი და გამორჩეული სწორედ ონლაინ შოპინგია, რომელმაც ცხოვრება გაუმარტივა მომხმარებელსაც და კომპანიებსაც.

განსაკუთრებით დღევანდელი სიტუაციის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ებრძვის, მოსახლეობას სახლში დარჩენა, კომპანიებს კი დისტანციურად მუშაობა უწევთ. ბიზნესის ონლაინ სივრცეში წარმოების და გავრცელების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ვებგვერდის შექმნა. მსოფლიოში დღესდღეობით 1.7 მილიარდზე მეტი ვებგვერდი ფუნქციონირებს და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. მიუხედავად ამისა, ხშირად ისმის კითხვა: რატომ არის საჭირო ვებგვერდი?

ბევრი ადამაინი ფიქრობს, რომ თუ აქვს ფიზიკური მაღაზია ან სოციალურ ქსელში გვერდი, საჭირო აღარ არის ვებგვერდის არსებობა. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან,  ვებგვერდი საშუალებას გვაძლევს  უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენ შესახებ და შესაბამისად გავზარდოთ მომხმარებელთა რაოდენობაც.

როგორ მოვახერხებთ ამას?

– თანამედროვე სამყაროში, როგორც აღვნიშნეთ, უამრავი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, შესაბამისად, როდესაც რაიმე სჭირდებათ, ისინი ეძებენ საჭირო პროდუქტს ან მომსახურებას უმეტესწილად გუგლის საძიებო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვებგვერდის შექმნა არ არის საკმარისი- თუ გვსურს, რომ მომხმარებელმა სწორედ ჩვენი კომპანია აირჩიოს, მნიშვნელოვანია ჩვენთვის საჭირო და რელევანტური keyword-ების შერჩევა, გამოყენება (ქივორდები არის ის სიტყვები, რომლების საუკეთესოდ აღწერენ კომპანიის კონტენტს, შინაარსს). მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ყვავილების მაღაზია თბილისში, მომხმარებელი საძიებო სისტემაში წერს „ყვავილების მაღაზია თბილისში“ და თქვენი keyword-იც სწორედ ეს ან მსგავსია,  Seo-ს შემდგომ თქვენი ვებ- გვერდი იქნება პირველთა რიგებში, რომელსაც მომხმარებელი დაინახავს. სწორი keyword-ების მარტივად აღმოჩენაში დაგეხმარებათ google keyword planner, ასევე google trends, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შეადაროთ რამდენიმე სიტყვა და ნახოთ, რომელი უფრო ხშირად იძებნება.

 

მეორე მთავარი ფაქტორი, რისთვისაც საჭიროა ვებგვერდი, ეს არის რეპუტაცია.

ხშირად პოტენციური მომხმარებლები საძიებო სისტემაში ეძებენ რაიმე კომპანიას და როდესაც მას ვერ პოულობენ, აღიქვამენ არარეალურად და არ ენდობიან, საბოლოოდ კი მის არსებობასაც ივიწყებენ, შესაბამისად კომპანია კარგავს ახალ მომხმარებელს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიას სოციალურ მედიაში აქვს გვერდი, მაგრამ არა საკუთარი ვებ-გვერდი. ამ დროს, როცა მომხმარებელი დაინტერესდება პროდუქტით ან მომსახურებით, დიდი შანსია, გაუჩნდეს მთლიანი ასორტიმენტის და ფასების დათვალიერების სურვილი და თუ ვერ აღმოაჩენს შესაბამის ვებგვერდს, ის დაიწყებს კონკურენტი კომპანიის მოძებნას, რომელსაც ორგანიზებულად, ვებ – გვერდზე ექნება ინფორმაცია განთავსებული, სადაც ყველაფერი იქნება თავმოყრილი და შეძლებს, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს და აარჩიოს პროდუქტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენი სოციალური ქსელის გვერდზე იყოს მიბმული ვებგვერდის ლინკი, რათა მარტივად შეძლონ მომხმარებლებმა მისი აღმოჩენა და მასზე გადასვლა.

 

მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვებ – გვერდის არსებობას მოაქვს, არის მომხმარებლის კეთილგანწყობა და მათი გულების მოგება, რაც ნამდვილად არაა მარტივი საქმე, ეს ხდება მაშინ, როდესაც  ვებ-გვერდი ყოველმხრივ მორგებულია მომხმარებელზე. ვებგვერდი არის კომპანიის ციფრული მაღაზია და იქ ისეთივე სასიამოვნო გარემო უნდა შევქმნათ, როგორსაც ფიზიკურ ფილიალში ისურვებდით. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის კომპანიის ვებგვერდზე, ის არ უნდა აღმოჩნდეს ქაოსურ და უცხო გარემოში, არამედ პირიქით, მისთვის ნაცნობი, სასიამოვნო და მარტივი გარემო უნდა დახვდეს.

პირველი, რასაც ის დაინახავს უნდა იყოს სასიამოვნო დიზაინი (მაგალითად პასტელური ფერები) და არა გადატვირთული და მკვეთრი ფერები, რამდენიმე პროდუქტის აღმწერი ფოტო, ლოგო, რომელშიც უმჯობესია ჩაშენებული იყოს მთავარ გვერდზე დასაბრუნებელი შორთქათი, რაც თქვენს მომხმარებელს გაუადვილებს ვებ-საიტის დათვალიერებას. ასევე მთავარი მენიუ, სადაც კატეგორიებად იქნება ჩაშლილი პროდუქტის ასორტიმენტი, რათა უფრო მარტივი იყოს სასურველი პროდუქტის ძიება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლის მოსაზიდად ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, ვებგვერდი იყოს მობილურზე და სხვა გაჯეტებზე მორგებული ე.წ mobile -friendly, რადგანაც დღეს სმარტფონი ადამიანის საუკეთესო, განუყრელი მეგობარია, უფრო კომპაქტურია და უკვე იმ ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია, რაც კომპიუტერს, მოსახლეობის უმეტესობა უფრო ხშირად  სწორედ სმარტფონით ეძებს  საჭირო პროდუქტს.

ამიტომაც საჭიროა, თქვენი ვებ – გვერდი იტვირთებოდეს მობილურის ეკრანზე ისე, როგორც კომპიუტერში. იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რამდენად მორგებულია თქვენი ვებგვერდი სხვადასხვა გაჯეტებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ გუგლის ხელსაწყო – google mobile-friendly.

 

საბოლოო ჯამში, დღევანდელ რეალობაში რთული და, ფაქტობრივად, შეუძლებელია მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმოება ვებგვერდის გარეშე. მისი შექმნა ხდება პირველივე ეტაპებზე, რადგან დღეს პირდაპირ მაღაზიის საძებნელად ქუჩებში იშვიათად თუ დადიან, მომხმარებლები ჯერ ინტერნეტში ეძებენ სასურველ პროდუქტს, ირჩევენ მათთვის საუკეთესოს და მარტივად, სწორედ იმ მაღაზიაში მიდიან, ბევრი წვალების გარეშე.

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ დღეს უკვე იშვიათად იყენებენ ტრადიციულ მარკეტინგს და თითქმის მთელი მსოფლიო მომხმარებელთან კომუნიკაციისათვის ციფრულ მარკეტინგს ირჩევს, ვებგვერდი კი მისი განუყრელი ნაწილია, რომელიც კომპანიის მარტივ პორტფელს წარმოადგენს და სადაც მომხმარებლისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია ინახება. ასე რომ, თუ თქვენ ბიზნესს აწარმოებთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვთ ვებგვერდი, სჯობს იჩქაროთ. ვებგვერდის შექმნის პროცესს კი გაგიმარტივებთ და დაგეხმარებათ worldpress.com ან wix.com.

 

 

კონტრიბუტორი: თათია ჭიკაძე