Categories
ბლოგი

რა არის Word of Mouth მარკეტინგი და როგორ უზრუნველყოფს ის ჩვენი ბიზნესის წარმატებას?

თანამედროვე სამყაროში, რეკლამები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასთან ერთად, რეკლამებმა ციფრულ სივრცეშიც გადაინაცვლა, რამაც უფრო გაამძაფრა ბიზნეს კომპანიებს შორის კონკურენცია. ამ კონკურენციის დაძლევა და ბაზარზე საკუთრი ადგილის მოპოვება სტარტაპებისა და დამწყები ბიზნესებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, რომლის გამოსავალსაც, წარსულის აღმოჩენა – Word of Mouth, იგივე სიტყვიერი მარკეტინგი, გვთავაზობს.

Word of Mouth მარკეტინგული სტრატეგიაა, რომელიც მომხმარებელზე, მათ ინტერესებსა და საუბრებზე კონცენტრირდება. მეთოდის წარმატება კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც მომხმარებლის ინტერესი კომპანიის პროდუქტის ან მომსახურების მიმართ აისახება მის ყოველდღიურ დიალოგებში. არსებითად, ეს არის რეკლამა, რომელსაც თავად მომხმარებელი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ქმნის.

მარკეტინგის ეს მეთოდი სტარტაპებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ხმის გასავრცელებლად, ვინაიდან იგი კონკრეტულად მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებაზე კონცენტრირდება და მუდმივად ზრუნავს მის შთაგონებაზე. თუკი, მომხმარებელი გრძნობს, რომ ნებისმიერ მოგებაზე წინ დგას, იგი აუცილებლად გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ამგვარი საუბრები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად და ბუნებრივად მიმდინარეობს, ხოლო ამ პროცეში ნებისმიერი ბიზნესის ამოცანაა, რომ ეს საუბრები მათ უკავშირდებოდეს.

მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი

WOM მარკეტინგის მთავარი თავისებურება, მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტია, პირადი გამოცდილება და იდეები, რომლებიც საბოლოოდ, თქვენი ბიზნესის სახეს ქმნის. ამ ყველაფრის კონტროლი რთულია, თუმცა სავსებით შესაძლებელია მომხმარებლის დამოკიდებულებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. ეს, პირველ რიგში, კარგი მომსახურებით მიიღწევა.

როდესაც ტრადიციულ რეკლამაში პროდუქტსა და მის ხარისხს ესმევა ხაზი, Word of Mouth მარკეტინგში, მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების სერვისსაც. იმისთვის, რომ მომხმარებელმა თქვენს პროდუქტზე ხშირად ისაუბროს, აუცილებელია უზრუნველყოთ არა კარგი, არამედ შესანიშნავი და დასამახსოვრებელი გამოცდილება. მომხმარებლები იშვიათად განიხილავენ ამა თუ იმ გამოცდილებას, როდესაც იმას იღებენ, რასაც ისედაც ელოდნენ, შესაბამისად, თქვენი მიზანია – გადააჭარბოთ მოლოდინებს.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბიზნესის, ბრენდის საშუალებით თითოეულ მომხმარებელთან განსაკუთრებული კონტაქტი დაამყაროთ, რა გზითაც იგი მათი იდენტობის ნაწილად იქცევა – მიუდექით მათ გულისხმიერებით, გადაუხადეთ მადლობა კარგი შეფასებისთვის, დროულად გაეცით პასუხი მათ შეკითხვებს და ინდივიდუალურად მიუდექით თითოეულ წამოჭრილ პრობლემას. მომხმარებლები ამას აუცილებლად შეამჩნევენ და თქვენთან დაკავშირებულ პოზიტიურ გამოცდილებას ახლობლებში გაავრცელებენ.

კომპანიასთან ერთიანობის აღქმა, ადამიანებს  ბრენდთან იდენტიფიცირებაში დაეხმარება, შედეგად კი, მიიღებთ კმაყოფილ კლიენტს და მის მიერ გავრცელებულ „უფასო“ რეკლამას.

როგორ შევქმნათ WOM მარკეტინგული სტრატეგია?

Word of Mouth მარკეტინგი ყველაზე სანდო და ეფექტიანი გზაა ერთგული კლიენტების მოსაზიდად, თანაც სრულიად უფასოდ ან მინიმალური დანახარჯით. იმისთვის, რომ ხალხმა რაიმე ბიზნესზე ხშირად ისაუბროს და იგი ყოველდღიურ საუბრებში ბუნებრივად ფიგურირებდეს, საჭიროა მარკეტინგული სტრატეგია.

Word of Mouth მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას – რატომ უნდა ისაუბრონ ჩემზე? აგრეთვე, საჭიროა კონკრეტულად განისაზღვროს რის შესახებ უნდა ისაუბრონ და კონკრეტულად ვინ უნდა ისაუბროს.

საუბარი WOM მარკეტინგის  მთავარი ინსტრუმენტია, შესაბამისად, უნდა დაადგინოთ ვინ უნდა ისაუბროს თქვენზე და როგორ  დაამყაროთ მათთან კონტაქტი.

მომხმარებელთან მყარი ურთიერთობის დასამყარებლად, საჭიროა თითოეულ მათგანს მივუდგეთ ინდივიდუალურად. თქვენი პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ხდება მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი, ხოლო როდესაც ნებისმიერი შენაძენი, მომხმარებლისთვის კონკრეტულ ემოციებთან ასოცირდება, შედეგი მიღწეულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Word of Mouth მარკეტინგი, პირველ რიგში, ურთიერთობაა და აქაც, როგორც ნებისმიერ ყოველდღიურ ურთიერთობაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულრწფელობასა და სამართლიანობას. შესაბამისად, ნებისმიერი გაყიდული პროდუქტი, ნებისმიერი დამყარებული კონტაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობა. Word of Mouth მარკეტინგი პირდაპირ კავშირშია კომპანიის მთავარ ღირებულებებთან და მნიშვნელოვანია, რომ ეს მომხმარებელმა კარგად დაინახოს. კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება კი, ნებისმიერ ბიზნესზე დადებითად მოქმედებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *